“ივანიშვილი და საპატრიარქოს უმაღლესი პირები ერთობლივად დღემდე აწამებენ ჩემ ძმას და არ უშვებენ”-ეს განცხადება დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ მსჯავრდებულებს შორის დეკანოზი არ მოხვდა. მამალაძის განცხადებით, პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას ელოდა, რადგან რეალურად ზურაბიშვილი ივანიშვილის დავალებებს ასრულებს.
“მე პირადად არც ველოდი რომ პრეზიდენტი დეკანოზს შეიწყალებდა, რადგან ეს არის იმ მთავრობის დაყენებული პრეზიდენტი, რომელმაც ჩემი ძმა უსამართლოდ დააპატიმრა. მარგველაშვილმაც ვერ გაბედა, რადგან მას უფლება არ მიუციათ მისთვის რომ შეეწყალებინა, იგივე არის ზურაბიშვილის შემთხვევაში. ესენი რეალურად არიან უბრალოდ გადაწყვეტილების შემსრულებლები, დამაკვეთები კი სხვები არიან და არიან მოკალათებული საპატრიარქოში და მთავრობის უმაღლესი პირები, ამ ადამიანებმა არ მისცეს დაკვეთა ზურაბიშვილს, ამიტომ მე პირადად ველოდი, რომ არ შეიწყალებდნენ. კონკრეტულად ვგულისხმობ საპატრიარქოს თავისი მაღალი იერარქებით, ვგულისხმობ ივანიშვილს, რადგან სწორედ ბიძინა ვანიშვილმა დართო ნება ჩემი ძმის დაპატიმრების. ივანიშვილი და საპატრიარქოს უმაღლესი პირები ერთობლივად დღემდე აწამებენ ჩემ ძმას და არ უშვებენ”-თორნიკე მამალაძე
თორნიკე მამალაძის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძის ოჯახი სექტემბრიდან საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს. მისი თქმით, შესაძლოა დეკანოზის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართოს.
ჟურნალისტის კითხვაზე უნდა ველოდოთ თუ არა სექტემბრიდან კარვებს, თორნიკე მამალაძე პასუხობს: “კარვებსაც უნდა ველოდოთ და ბევრ სიურპრიზსაც”
შეგახსენებთ, რომ ამჟამად დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოშია მოთავსებული.
მსჯავრდებულმა დეკანოზმა საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა.