საქართველოს ენერგოსექტორის კომერციულ ოპერატორს (ესკოს) და კომპანია “ინტერ რაოს” შორის მოკლევადიანი კონტრაქტის გაფორმებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აკრიტიკებს. ყოფილი მინისტრი სოციალურ ქსელში წერს კონტრაქტით გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებზე.
“ესენი უკვე მავნებლებიც აღარ არიან. უკვე აშკარად მტრები გახდნენ საკუთარი ქვეყნის. გუშინ, ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას დავალებით, ხელშეკრულება გააფორმეს აფხაზეთისათვის რუსეთიდან 45 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგიის შესყიდვის და უფასოდ მიწოდების შესახებ.
მარტივად რომ ვთქვათ, რუსულ ბაზებს, ოთხოზორიას მკვლელებს და ათას ნაძირალას, ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფულით ნაყიდი დენით უფასოდ ამარაგებს ივანიშვილი. მაშინ, როდესაც აქ 100 000-ზე მეტი ბავშვი შიმშილობს და ჯარისკაცს ფორმას ვერ აცმევენ. ენგურჰესი დაცალეს, 50%-ზე მეტი ელექტროენერგია ისედაც უფასოდ აჩუქეს აფხაზებს და დამატებით რუსეთიდან უყიდეს.
მაგ მავნებლურ სქემას კალაძემ ჩაუყარა საფუძველი, როდესაც ენერგეტიკის მინისტრი იყო. მოვა დრო და ყველას მოეთხოვება”, წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
ცნობისათვის: საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, “ენგურჰესის გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად და ოპტიმალური ბალანსის შესანარჩუნებლად, საქართველოს ენერგოსექტორის კომერციულ ოპერატორს (ესკოს) და კომპანია “ინტერ რაოს” შორის მოკლევადიანი კონტრაქტი გაფორმდა”.
კონტრაქტის შესაბამისად, “ოკუპირებულ აფხაზეთს დეფიციტის დასაფარად 2019 წლის მარტში ერთჯერადად მიეწოდება 45 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, რაც ოკუპირებული აფხაზეთის მიერ ელექტროენერგიის წლიური მოხმარების 20 პროცენტს შეადგენს. რეგიონი ელექტროენერგიას მიიღებს ელექტროგადამცემი ხაზი “სალხინოს” მეშვეობით, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული სისტემის შემადგენელი ნაწილია”.
ამასთნ, მას შემდეგ, რაც აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, საქართველოს მთავრობა ზამთრის სეზონზე პერიოდულად მიმართავდა მსგავსი მექანიზმის გამოყენებას აფხაზეთში მოხმარების დეფიციტის დასაბალანსებლად.
“აღსანიშნავია, რომ 2018 წელს “ენგურჰესზე” გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 60 პროცენტი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას მიეწოდა, 40 პროცენტი კი, ოკუპირებულ აფხაზეთს, რაც ოპტიმალურთან მიახლოებული პარამეტრებია”.
როგორც ცნობილია, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტრონერგიის ჭარბ მოხმარებას ვეღარ უზრუნველყოფს იქედან გამომდინარე, რომ ყოველი წლის თებერვლის ბოლოს, ენგურჰესზე წყლის დონე კრიტიკულ ნიშნულამდე ეცემა.














