საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელებას გამოეხმაურა.
როგორც რომან გოცირიძე აცხადებს, დღევანდელი მთავრობა არის „რუსეთის ინტერესების სრული დაკმაყოფილება“.
„ივანიშვილი მეტ პატივს სცემს მის ზვიგენსა და ზებრას, ვიდრე ხალხს. ნაცვლად იმისა, რომ ანგარიში გაეწია საზოგადოებრივი პროტესტისთვის და მოეხსნა გახარია, პირიქით, თავზე დაგვასვა. დღეს ის არის მთავრობის თავმჯდომარე. ეს არის საზოგადოების დაცინვა, სილის გაწვნა და გამოწვევა. ამ გამოწვევას საზოგადოება მიიღებს და ძალიან ცუდად დამთავრდება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ბედი, ვინაიდან ის მთავრობა, რომელიც ჩვენ ახლა მივიღეთ, ეს არის ფაქტობრივად გავრილოვისმთავრობა. ეს არის რუსეთის ინტერესების სრული დაკმაყოფილება. საქარველოში რუსეთი შემოვიდა ჯერ სიმბოლურად ამ დარბაზში, როდესაც გავრილოვი წამოსკუპდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე და დღეს, უკვე რუსეთი შემოვიდა საქართველოს მთავრობაში იმ სულისკვეთებით, რასაც დღეს ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.