ივანიშვილის ბრძოლა სააკაშვილის წინააღმდეგ თავიდანვე ფარსი იყო – ნინო ბურჯანაძე

ოპოზიციური პარტია “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ბრძოლა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ თავიდანვე ფარსი იყო.

ბურჯანაძე ამბობს, რომ მართალია, ივანიშვილს სააკაშვილი არ უყვარდა, თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ფულს ახარჯინებდა მათ შორის სახელმწიფო პროექტების განხორციელებაში, მას არც სააკაშვილის მობრუნება უნდა – სურს საკუთარი ძალაუფლება გაიხანგრძლივოს, მაგრამ მას სულაც არ აინტერესებდა არც სააკაშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორება და არც “ნაციონალური მოძრაობის” დამნაშავე წევრების დასჯა.

“პირიქით, მას აწყობს, რომ სააკაშვილი იყოს მუდმივად ცოცხალი საფრთხობელა – ყველა არჩევნებზე გამოიყენოს – მე შეიძლება, არ მოგწონვართ, მაგრამ უარესი, სააკაშვილი მოვა. ამიტომ, მან შეინარჩუნა სააკაშვილიც, ნაციონალური მოძრაობაც, რომელიც ამასობაში ისე გაძლიერდა, რომ 800 000 ხმა მიიღო და კინაღამ საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო”, თქვა პოლიტიკოსმა “ტვკავკასიის” გადაცემა ბარიერში. ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება.

ნინო ბურჯანაძე იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2001 წლის ნოემბრიდან 2008 წლის ივნისამდე, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის ორგზის შემსრულებელი: 2003 წლის ნოემბრიდან 2004 წლის იანვრამდე და 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის იანვრამდე. 

2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობდა საარჩევნო ბლოკის “ბურჯანაძე – დემოკრატები” შემადგენლობაში და მიხეილ სააკაშვილთან ერთად იყო ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი. ვარდების რევოლუციის შემდეგ ასრულებდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას 2003 წლის 23 ნოემბრიდან 2004 წლის 25 იანვრამდე.