ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი წერილი მთავრობის წევრებმა შეაფასეს.
„ვფიქრობ, აქცენტები არის ძალიან სწორად დასმული და მთავარი აზრი ამ წერილში არის ის, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება კონსოლიდაცია იმ იდეალების გარშემო, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობა და დემოკრატიული განვითარება. ვფიქრობ, ეს მართლაც აერთიანებს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, თითოეულ ადამიანს, რომელსაც სურს, რომ ჩვენ ავაშენოთ ძლიერი და ევროპული სახელმწიფო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, ივანიშვილის წერილში მოვლენების სწორი ანალიზია გაკეთებული.
“ძალიან სწორი ანალიზია გაკეთებული და ყველაფერს თავისი სახელი აქვს დარქმეული. ყველაზე მთავარი არის ის, რაც მე ძალიან მომეწონა, რომ საჭიროა კონსოლიდაცია, გაერთიანება და ერთიანი ძალისხმევით ბრძოლა იმ გამოწვევების წინააღმდეგ, რომელიც დღეს გვაქვს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საზოგადოების ჩართულობით, რომ ქვეყანა კიდევ უფრო წინ წავიდეს,” – განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა იმ ოპონენტებსაც უპასუხა, რომლებმაც წერილი და ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკეს.
“ოპონენტებს რა თქმა უნდა, არ მოეწონებოდათ წერილის შინაარსი. მათ სხვანაირად წარმოუდგენიათ თავისუფლება და დემოკრატია და მათ როგორც წარმოუდგენიათ, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და არ მინდა გავიხსენო, თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში ქვეყანაში,” – აღნიშნა კალაძემ
ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით წერილი გუშინ გაავრცელა.