“ივანიშვილმა გასცა ნებისმიერი საფუძვლით ჩემი დაპატიმრების ბრძანება“– გვარამია

მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია ფეისბუქზე წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა:

“100% : ბიძინა ივანიშვილი სრულიად შეიშალა მთავარი არხის წარმატების ნიადაგზე და გასცა ნებისმიერი საფუძვლით ჩემი დაპატიმრების ბრძანება. როგორც მთავარი პროკურატურიდან მითხრეს, “ნახევარი პროკურატურა” (ასე მითხრეს) 24/7 მუშაობს, რომ რამე გამომიჩიჩქნოს რ2ის საქმიდან.
ჰა, ველოდები.“– წერს გვარამია.

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ პროკურატურამ აგვისტოში საქმე აღძრა და ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რაც “საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.

საქმე   რუსთავი2–ის  9%–იანი  წილის  მფლობელის     საჩივრის   საფუძველზე აღიძრა, რომელიც  ამ  დროისთვის რუსთავი2–ის მფლობელი აღარ არის, რადგან ივლისში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ რუსთავი2–ის მფლობელი ქიბარ ხალვაში გახდა.