საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავის ვიდეო მიმართავში, რომელიც სოციალურ ქსელში განათავსა, აცხადებს, რომ დღეს მოქმედი მთავრობის მაღალჩინოსნები, რომლებსაც დანაშაული დაუმტკიცდებათ, საერთაშორისო ანტიკორუფციული სასამართლოს მიერ უნდა გასამართლდნენ. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ეროვნული ერთიანობის, სულგრძელობისა და მაქსიმალური პატიების მიუხედავად, ხალხს უნდა დაუბრუნდეს ის დოვლათი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მიითვისა.
„ამნისტიაზე, პატიებაზე, შერიგებაზე… რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ის სიველურე, რაც ხდება ბოლო პერიოდის განმავლობაში, როცა მოდის ერთი მთავრობა და იწყებს ნებისმიერი საბაბით წინა მთავრობის დევნას. ეს არის არაცივილიზებული, ეს ძალიან აზარალებს საქართველოს. ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა ამ განწყობამ და კლიმატმა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ეროვნული ერთიანობა და გვჭირდება მაქსიმალური სულგრძელობა და მაქსიმალური პატიება, მაგრამ არსებობს რაღაც სხვა რეალობები. ივანიშვილმა მიითვისა ეროვნული დოვლათის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ამგვარად საუბარი იმაზე, რომ ეს უნდა შერჩეს არ არის სწორი, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ამის წაღება?! არა მურუსიძეების და თუნდაც ახალი მურუსიძეების მიერ. ეს უნდა მოხდეს საერთაშორისო ანტიკორუფციული სასამართლოს მიერ, სადაც ჩვენ მოვიწვევთ რამდენიმე ინგლისელ, ამერიკელ, ჰოლანდიელ და სხვა დასავლელ მოსამართლეს და ისინი ძალიან ზედმიწევნით, იურიდიული პროცედურის შედეგად თუ დაუმტკიცდებათ ყველაფერი, მოახდენენ ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების საკითხების გარკვევას“, – აცხადებს სააკაშვილი.
{{VIDEO}}