ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ არჩევანის წინაშეა, რადგან გუნდში განსხვავებული ფასეულობები აქვთ, და რამდენიმე დღე სჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად, დატოვებს თუ არა მმართველ გუნდს. ბესელია ამბობს, რომ ემოციურად ეს მისთვის მარტივი არ არის, რადგან “ქართული ოცნების” დამფუძნებელია და პარტიის შექმნის სათავეებთან სწორედ ის იდგა, “დანარჩენები მოვიდნენ მერე”.
“ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მოდით, დეტალების განხილვაში ნუ შევალთ და დავსვათ წერტილი. პარტიის ლიდერმა თქვა, რომ უნდა გავაგრძელოთ პროცესი. მოდი, აქ დასრულდეს საჯარო პოლემიკა და შიგნით ვისაუბროთო – აბსოლუტურად გასაგებია და მესმის ეს განწყობა – ახლა გვაქვს არაორდინალური მოცემულობა, დღევანდელმა შეხვედრამ არჩევანის წინაშე დამაყენა”, ამბობს ბესელია.
პოლიტიკოსის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არავის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს, თუ ვინ იყო სწორი და ვინ არა.














