მიხეილ სააკაშვილი ხულოსთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადებების კრიტიკას ვიდეომიმართვით პასუხობს. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 12 მაისს მიუნხენში ემიგრანტებთან შეხვედრისას “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი და ამჟამად მმართველი პარტიის რიგებში მყოფი ანზორ ბოლქვაძე გაიხსენა და მას დეგრადირებული უწოდა:
“…არის ერთი დეგრადირებული ყოფილი დეპუტატი ხულოში, ბოლქვაძე, ჩემი სირცხვილი, რომ ის ჩემი პარტიის წევრი იყო. ვაი, მართლა კახა ბენდუქიძემ რომ თქვა, ანზორ ბოლქვაძე რომ ჩემ გვერდით დაჯდებოდა და მისი სუნი რომ არ მაწუხებდა, ესეც ჩემი პრობლემაა, მაგრამ ანზორ ბოლქვაძემ ამას წინათ რაღაცებში თავი გამოიჩინა მორიგი სისულელეებით და ცოლი გაფორმებული ჰყავს ხულოს სამხატვრო გალერეის თანამშრომლად. ხულოს სამხატვრო გალერეა… ფსიქიატრები რომ გაუქმდნენ, ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის, სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაშია?” – თქვა მან.
მიხეილ სააკაშვილის ამ გამონათქვამებს კრიტიკა და განცხადებები მოჰყვა იმის შესახებ, რომ მას ხულოელებისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი. საპასუხო ვიდეომიმართვაში სააკაშვილი ამბობს, რომ ხულოელებისთვის ბოდიში ივანიშვილს აქვს მოსახდელი:
“ხულოსთვის და ხულოელებისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი ივანიშვილს და მის ბანდას!
ბოდიში იმისთვის,რომ გააჩერეს სათხილამურო კურორტების მშენებლობა,ყველა სასტუმრო კომპლექსი და მისასვლელი გზა…
ბოდიში იმისთვის,რომ მოკლეს გოდერძის გვირაბის პროექტი,შეაჩერეს ჩემს მიერ დაწყებული ხიხანის რეაბილიტაცია..
ბოდიში აქვთ მოსახდელი,მათ შორის,იმისთვის,რომ ჩემს მიერ აღდგენილი და გარემონტებულ სამხატვრო გალერეაში და სხვა სახელმწიფო სიპებში უამრავ ფულს ახარჯავენ ხელისუფლების წევრების ნათესავების ხელფასებს,მაშინ,როდესაც ხალხი გაამათხოვრეს და დაამშიეს…
ივანიშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი იმისთვის,რომ ეზიზღება აჭარა და აჭარლები და მათ თავზე დაასვა სრული არარაობები…
მაგრამ,ვინაიდან ის ბოდიშს არ მოიხდის და უტიფრად აქეთ გვედავება,აუცილებლად უნდა მოვაშოროთ ხელისუფლებას,მათ შორის,უახლოეს დღეებში,ხულოში“– ამბობს მიხეილ სააკაშვილი.