იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი პრემიერად დაბრუნებას გადაწყვეტს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, საფრანგეთის მოქალაქეობის დათმობა მოუწევს.
დიდი ხანია ივანიშვილს და მის გარემოცვას არ დაუკონკრეტებია ინფორმაცია იმის შესახებ, თქვა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა უარი საფრანგეთის მოქალაქეობაზე, თუმცა ბოლო ინფორმაციით ის კვლავ საქართველოს და საფრანგეთის მოქალაქეა, ანუ ორმაგ მოქალაქეობას ფლობს.
საქართველოს კონსტიტუციის ბოლო ვარიანტი კი, რომელიც ქართული ოცნების მიერ არის მიღებული, ამბობს:
მუხლი 25. საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება
1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.
2. საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა.
2012 წლის მაისში კონსტიტუციაში ცვლილება შევიდა და ჩაიწერა გარდამავალი დებულება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის მოქალაქეს, რომელიც დაიბადა საქართველოში, ბოლო 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში, მიეცა არჩევნებში მონაწილეობის და თანამდებობის დაკავების უფლება. ეს იყო დროებითი დებულება და მოქმედებდა 2014 წლის პირველ იანვრამდე. ის მოქმედებდა 2012 წელს ჩატარებულ საპარლამენტო და 2013 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მას შემდეგ, რაც სააკაშვილის ხელისუფლების მიერ პოლიტიკაში შემოსული ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას დიდი სკანდალი და უცხოელი პარტნიორების მხრიდან ზეწოლა მოჰყვა. სწორედ ამ ჩანაწერმა მისცა მაშინ ივანიშვილს უფლება პრემიერ–მინისტრის პოსტი დაეკავებინა.
2014 წლის იანვარში, სასამართლომ ბათილად ცნო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ 2011 წელს გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვითაც ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. ბიძინა გადაწყვეტილება ჯერ თბილისის საქლაქო სასამართლოში გაასაჩივრა, ხოლო მას შემდეგ, რაც მოსამართლემ სააკაშვილის შესაბამისი აქტი არ გააუქმა, სააპელაციო სასამართლოს მიმართა, ბოლოს კი – უზენაეს სასამართლოს. მას შემდეგ, რაც ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა, გაირკვა, რომ მას საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი არ უთქვამს და კვლავ ორმაგ მოქალაქედ დარჩა. სავარაუდოდ ასე რჩება დღემდე, რაც ივანიშვილისთვის პრემიერ–მინისტრის პოსტზე დაბრუნების სურვილის შემთხვევაში პრობლემას შექმნის და მას საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა მოუწევს.