ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები იანვრის ბოლოს განახლდება, თუმცა ზუსტ თარიღს არავინ ასახელებს. უმრავლესობასთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ოპოზიციამ დღეს შიდა კონსულტაციები გამართა. ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ მათ დიდი მოლოდინ არ აქვთ და არ თვლიან, რომ ხელისუფლება დათმობაზე წავა:
“ზედმეტ მოლოდინებს არ ვქმნი, ჩვენთვის ეს არის პროცესი, მათ შორის ნერვების პროცესი და ჩვენი ვალია, მათ შორის გვაქვს მანდატი საზოგადოების მიერ მოცემული, მაქსიმუმი წამოვიღოთ და თუ ვერ შევძელით, მაგიდის აყირავება შერჩეს და შეეტენოს “ქართულ ოცნებას.” შედეგი მინიმუმ იქნება ის, რომ “ქართული ოცნება” დაკარგავს საერთაშორისო ლეგიტიმაციას, დაკარგავს არჩევნების შემდეგ ქვეყნის შიგნით ლეგიტიმაციას, ეს გარდაუვალი პროცესია. ამ პროცესის შეჩერება და საკუთარი ბედის გადარჩენა ივანიშვილს შეუძლია თუ დათანხმდება პროპორციულ სისტემას, თუ არადა მაჟორიტარულ სისტემასთან ერთად დაიმარხება”– ამბობს უგულავა.
ხელისუფლების ბოლო შეთავაზება მაჟორიტართა რაოდენობსი 50–მდე შემცირება და პროპორციული მანდატების 100–მდე გაზრდა იყო. ამის სანაცვლოდ ხელისუფლებამ ოპოზიციისგან საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა მოითხოვა, რათა პროპორციული არჩევნები საქართველოში სამუდამოდ გაუქმდეს. ოპოზიციამ ხელისუფლების ამ შეთავაზებაზე მაშინვე უარი თქვა. უცნობია, რა შეთავაზებები ექნებათ მოლაპარაკების განახლებისას ხელისუფლებას და ოპოზიციას.