“უბრალოდ ლურჯი ფერი გახდა ის, რაც იყო წითელი,”- ამის შესახებ “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითიც ის 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელს წარსულშიც ჰქონდა სხვა პირზე ზეწოლის შემთხვევა.
“დღესაც ხომ გაირკვა, მოზარდი თვითმკვლელობამდე ვინც მიიყვანა ის გამომძიებელი მანამდე „ყინწვისის საქმეზე“ იყო და აწამებდა. სტრასბურგის სასამართლო ამბობდა, ჩოლოიანი ხალხს აწამებდაო, დატოვეს, ხელი გადაუსვეს და მის გამო, ამ ძალადობრივი სისტემის გამო დაიღუპა 15 წლის ბიჭი. ჩოლოიანის ცნობილი საქმეა „ყინწვისის საქმე“, სტრასბურგის გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ იყო ასეთი პირი გოგუაძე, რომელსაც აწამებდნენ ჩოლოიანის დავალებით და მითითებით. ასეთი მტარვალი, არა თუ გამომძიებლად დატოვეს, ბავშვებთან და მოზარდებთან ამუშავებდნენ და შედეგსაც ვხედავთ. ერთ შემთხვევაში ხალხი აწამა, მეორე შემთხვევაში – ბავშვი მიიყვანა თვითმკვლელობამდე და მეორე გოგოც ვენების გადაჭრას ცდილობდა”, – განაცხადა ელისაშვილმა.