ვიღაც კონკრეტული ჯამბაზი რაღაც სისულელეს იტყვის, მე გამოვიდე და თავი ვიმართლო, მგონი არასერიოზულია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ტენდერების საშუალებით კომპანიების გაკოტრებას და ბიზნესმენ და ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ირაკლი გიორგობიანისთვის ყურის მოჭრასთან კალაძის კავშირს ეხებოდა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ოპოზიციის ბრალდებები არასერიოზულია. რაც შეეხება გიორგობიანის კომპანიის გაკოტრებასთან მერიის კავშირს, კალაძისთვის ეს ბრალდებაც გაუგებარია. ამასთან, კალაძე აღნიშნავს, რომ თუკი კომპანია ვალდებულებებს ვერ ასრულებს, მერია მასთან ურთიერთობას წყვეტს.
„შეგიძლიათ თავად კომპანიას ჰკითხოთ ეს. ჩვენთვის მთავარია, რომ ბავშვებს პრობლემა არ ჰქონდეთ საკვების თვალსაზრისით. ჩვენთვის მთავარია ის ვალდებულება, რაც აქვს ნაკისრი კომპანიას ხელშეკრულებით შეასრულოს. ეს მხოლოდ კვებას არ ეხება. იგივეა სამშენებლო მიმართულებითაც თუნდაც. როდესაც შევუდექით ჩვენს უფლებამოსილებას, იყოს სხვა კომპანია, რომელიც ვერ ასრულებდა თავის ვალდებულებას და მოგვიწია იმის გაშვება. გამოვაცხადეთ ტენდერი, იყო კონკრეტული კომპანია გამარჯვებული, ემსახურებოდა ბაღებში კვების უზრუნველყოფას, შემდეგ შეექმნათ პრობლემები, ვერ უზრუნველყოფდნენ საკვების მოტანას და მოგვიწია მათი გაშვება“, – განაცხადა კახა კალაძემ.