{{ARTICLEIMAGE}}
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმაკოლოგიურ კომპანიებს მოუწოდებს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და ანტივირუსული პრეპარატის “ტამიფლუს” ფასი შეძლებისდაგვარად დაწიონ. მინისტრის ინფორმაციით, კომპანიებს ამის საშუალება აქვთ.
“მე არ მაქვს შესყიდვის ფასის გაჟღერების უფლება, თუმცა მექნება ასეთი, თუ შეიძლება მიმართვა, ფარმაკოლოგიური კომპანიებისადმი, რომლებიც დისტრიბუციას აკეთებენ ამ პრეპარატებისას: განიხილონ შესაძლებლობა გაზრდილი ავადობის პერიოდში და გამოიჩინონ სოციალური, კორპორატიული პასუხისმგებლობის მზაობა და შეძლებისდაგვარად დაწიონ ფასები ამ კონკრეტულ პრეპარატზე, ჩემი შეხედულებით ამისი რეზერვი და რესურსი მათ აქვთ”,განაცხადა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
დღეს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, ბოროტად გამოიყენონ შექმნილი გარემოება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით შელახონ ფარმაცევტული კომპანიების რეპუტაცია, თითქოსდა აფთიაქები “ტამიფლუს” რეალიზაციით ზემოგებას იღებენ.
“გვინდა მოგახსენოთ, რომ ასოციაციის წევრი კომპანიები პრეპარატ “ტამიფლუს” მწარმოებლისგან იძენენ 67,26 ლარად, ხოლო ქსელებში მისი გასაყიდი ფასი არის 68 ლარი და იყიდება ყოველგვარი მოგებების გარეშე. შესაბამისად, აპელირება მასზედ, რომ ფარმაცევტული კომპანიები აღნიშნულ მედიკამენტზე ზემოგებებს იღებენ – მიზანმიმართულად მომზადებული “შავი პიარია”, შეცდომაში შეყავს მოსახლეობა და ემსახურება მხოლოდ უარყოფითი განწყობის შექმნას.
სოციალურ ქსელში კი აქტიურად ვრცელდება ცნობები, რომ ეს ანტივირუსული პრეპარატი ევროპაში ბევრად იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში. ზოგიერთი მათგანი გასაყიდ ფასს 5 ევროს ასახელებს.










