ჯანდაცვის მინისტრი კლინიკაში მყოფ მსჯავრდებულ დეკანოზს ესაუბრა

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს კვლევა ჩაუტარდა, რომლის პასუხების მიღების შემდეგ გახდება ცნობილი მკურნალობის გეგმა. დავით სერგეენკოს თქმით, დეკანოზს აქვს ნერვული სიმპტომატიკა, რომლის წარმომშობი მიზეზის დადგენაც ახლა მიმდინარეობს. ამის შესახებ სერგეენკომ ღუდუშაურის კლიკინიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. 

“ვიდრე ერთი კითხვაც იქნება პასუხგაუცემელი, ის მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება”, ამბობს ჯანდაცვის მინისტრი. 

მისივე ინფორმაციით, პაციენტი კონტაქტური, ადეკვატურია და მასთან მოკლე გასაუბრებაც მოახერხა.  

ოჯახის წევრების ინფორმაციით, გიორგი მამალაძის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და დღეს კონსილიუმი უნდა შეიკრიბოს. 

როგორც ცნობილია, 15 თებერვალს, გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს თავის ტვინის იშემიური შეტევის დიაგნოზით. დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით. სასულიერო პირი დანაშაულის ჩადენას უარყოფს.