“სისხლის ბანკი ცდილობს, უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს”- განაცხადა დავით სერგეენკომ

{{ARTICLEIMAGE}}
იაშვილის კლინიკაში 16 იანვარს 7 დაშავებული ბავშვი შევიდა, რომელთა მკურნალობისთვის 1 ერთეული სისხლის პროდუქტი დაიხარჯა, რაც ძალიან ცოტაა – ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო “სისხლის ბანკის” მოწოდებას, ჩააბარონ სისხლი, რადგან სისხლის მარაგის რაოდენობა შემცირებულია დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ.

“საჯარო მოხელის კოდექსი არ მაძლევს შეფასების უფლებას, მაგრამ როდესაც ცდილობენ, რომ ეს უბედური შემთხვევა გამოიყენონ თავისი მარკეტინგისთვის, მოიზიდოს უფასო დონორები, დაამზადოს პროდუქტი, რომელსაც შემდეგ კომერციულად გაყიდის, ამის შეფასებას უბრალოდ საზოგადოებას მივანდობ. ამის შეფასების უნარი ჩემ შესაძლებლობებს აღემატება, საზოგადოებამ განსაჯოს ეს”, განაცხადა დავით სერგეენკომ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

იაშვილის საავადმყოფოს ეზოში მდებარე შპს “სისხლის ბანკი” მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს. დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მათ სისხლის კომპონენტებით უზრუნველყვეს როგორც იაშვილში გადაყვანილი ბავშვები, ასვე სხვა კლინიკის პაციენტები, რის გამოც, როგორც დაწესებულების ხელმზღვანელი ამბობს, ახლა სისხლის მარაგის რაოდენობა შემცირებულია. იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი კი აცხადებს, რომ დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედია სისხლის დეფიციტს ვერ გამოიწვევდა. მისი თქმით, სისხლის გადასხმა, ისიც მინიმალური რაოდენობით მხოლოდ ერთ პაციენტს დასჭირდა.