{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოში არ არის საგანგაშო სიტუაცია – არსებული ვითარება დამახასიათებელია გრიპის ყოველწლიური სეზონისთვის და დაახლოებით მსგავსი ვითარებაა მეზობელ ქვეყნებშიც”, განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მარიან ივანუშამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ევროპის რეგიონში ყოველწლიურად დაახლოებით 70 ათასი ადამიანი იღუპება გრიპის ვირუსით.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში გრიპით გარდაცვალების 12 შემთხვევა დაფიქსირდა.
“პაციენტების უმრავლესობას არ სჭირდება “ტამიფლუ”. სწორედ ამიტომ, რადგან ყველა ადამიანს არ სჭირდება “ტამიფლუ”, ზოგ ქვეყანაში ექიმები არ ნიშნავენ მას. მაგრამ რა თქმა უნდა, თუ არის რაიმე განსაკუთრებული მდგომარეობა, გართულება, პაციენტმა უნდა მიიღოს “ტამიფლუ”. “ტამიფლუ” არის ანტივირუსული პრეპარატი, ანტიბიოტიკის მსგავსია, ოღონდ ის მუშაობს გრიპის ვირუსის წინააღმდეგ, ამიტომ მინდა ძალიან მკაცრად გავაფრთხილო ადამიანები, წამლები არ არის კანფეტი, არ შეიძლება როგორც ტკბილეული, ისე მიიღოს ადამიანმა თავისი გადაწყვეტილებით. თუკი ჩვეულებრივ რესპირატორულ სიმპტომებს დაინახავთ, ნუ გაიქცევით აფთიაქში, ნუ შეიძენთ და მიიღებთ “ტამიფლუს”. ეს არის სერიოზული პრეპარატი, რომელიც კონკრეტული გართულების შემთხვევაში ექიმის დანიშნულებით უნდა მივიღოთ. “ტამიფლუს” შემცვლელი არ არსებობს. ის ამგვარი მოქმედების ერთადერთი პრეპარატია ბაზარზე ამ ეტაპზე”, განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, “საქართველოში ამ ეტაპზე გავრცელებულია ზომიერი, ჩვეულებრივი გრიპის ვირუსი და განსაკუთრებული არაფერი ხდება”.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში გავრცელებული A ტიპის ვირუსს პანდემიის სახე არ აქვს:
“გრიპი განსხვავდება ჩვეულებრივი გაციებისგან, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ის შედარებით რთული დაავადებაა, შეიძლება, ყოველგვარი გართულებების გარეშე წავიდეს. გრიპის გამომწვევი ძირითადად გახლავთ ვირუსი, ამიტომ ადამიანებს არ სჭირდებათ ანტიბიოტიკების მიღება. თუ არ არის რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა, ადამიანს შეუძლია, მიიღოს თბილი სითხეები და დარჩეს სახლში. თუ ტემპერატურა მაინც აიწევს, მიიღოს აბები სიცხის დასაწევად. განსაკუთრებული რისკის ჯგუფს წარმოადგენენ: ხანდაზმული ადამიანები 65 წელს ზევით, ბავშვები და ორსული ქალები, ასევე ქრონიკული დაავადებების მატარებელი პირები, მათ სჭირდება სპეციფიური მკურნალობა.
ჩვენ განვასხვავებთ ოთხ სხვადასხვა ვირუსს, რომელიც იწვევს ამ დაავადებას – A,B, C,D ტიპის ვირუსებს. ადამიანისთვის სახიფათო გახლავთ მხოლოდ A და B ტიპის ვირუსები. რაც შეეხება პანდემიას, მას მხოლოდ A ტიპის ვირუსები იწვევს. საქართველოში გავრცელებულია A ტიპის ვირუსი, მაგრამ ჩვენ მას ამ ეტაპზე ვეღარ ვუწოდებთ პანდემიურ ვირსს. პანდემიური ის იყო 10 წლის წინ, როცა ის მსოფლიოში გამოჩნდა. დღეისთვის ჩვეულებრივი ვირუსის ცირკულაციაა და გავრცელებულია ჩრდილო ამერიკაში, კანადაში, ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ აზიაში”.
“დაახლოებით, გაზაფხულზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს რეკომენდაციას, თუ რომელი ვაქცინა იქნება საუკეთესო აღნიშნული გრიპის წინააღმდეგ კონკრეტული ქვეყნისთვის. ვაქცინაციისთვის საუკეთესო პერიოდი არის გვიანი შემოდგომა – ოქტომბერ-ნოემბერი. საქართველოში არსებული ვაქცინა არის ძალიან კარგი ხარისხის და სრულად ფარავს ყველა ვირუსს. ვაქცინაცია რამდენადმე დაგვიანებულია, რადგან ამოქმედებისთვის მას 2 კვირა მაინც სჭირდება, თუმცა, არის საშუალება ადამიანებმა ვაქცინაცია ჩაიტარონ. საქართველოში ზომიერი, ჩვეულებრივი გრიპის სეზონია, როგორიც არის უკრაინაში და რეგიონის სხვა ქვეყნებში. განსაკუთრებული არაფერი ხდება”.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, ყოველწილიურად ევროპის რეგიონში 70 ათასი ადამიანი იღუპება გრიპის ვირუსით:
“ძალიან ვწუხვართ თითოეული ადამიანის გარდაცვალების გამო, მაგრამ საქართველოში არ არის გარდაცვლილთა გადაჭარბებული რაოდენობა. ეს არის მოსალოდნელი, ჩვეული რაოდენობა გრიპის სეზონზე. შეიძლება ითქვას, რომ ანალოგიური მდგომარეობაა მეზობელ ქვეყნებშიც”.