საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, შეღავათიან ფასად მკურნალობის მიზნით, შეთანხმებას იმ სახელმწიფოებთან მიაღწიოს, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მიზნით, საქართველოდან ყველაზე მეტი ადამიანი მიდის.
ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია ონკოლოგიური დაავადებების დროული აღმოჩენა და მართვის გაუმჯობესება. განსაკუთრებული აქცენტი მინდა გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ შევეცდებით დავნერგოთ საქართველოს მასშტაბით თანამედროვე მიდგომები. ყველასთვის ცნობილია, რომ ძალიან დიდია ჩვენი მოქალაქეების მიგრაცია მკურნალობის საჭიროებისთვის. შევეცდებით, რომ იმ ქვეყნებთან, სადაც მაღალია საქართველოს მოქალაქეთა მიგრაცია, სახელმწიფო დონეზე წარმართოს მოლაპარაკება, რათა მოხდეს პაციენტების შეღავათიან ფასად მკურნალობა იმ პერიოდამდე, სანამ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეძლებს ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაბამისი ხარისხის და სტანდარტისა ხელმისაწვდომობას“, – განაცხადა ტიკარაძემ.