ჯანდაცვის სამინისტრო სოც მუშაკებს 4-პუნქტიან გეგმას სთავაზობს

ჯანდაცვის სამინისტრო სოც მუშაკებს 4-პუნქტიან გეგმას სთავაზობს

პუნქტი პირველი
გეგმის პირველი პუნქტი გულისხმობს „სოციალური მუშაკების სამუშაოების რაოდენობრივი და თვისობრივი მოცულობის გადახედვას“. უკვე დამტკიცდა ბრძანება „სოციალური სამუშაოს ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“, რომლის მიხედვითაც, სოციალური მუშაკები ადმინისტრაციული საქმეებისგან უკვე განტვირთულნი არიან.

დაიხვეწება საპროცესო წარმომადგენლობის ბიზნესპროცესი უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფის ფორმატში (CCM), ასევე იგეგმება 20 სპეციალიზებული სოციალური მუშაკის გადამზადდება და ჩართვა საპროცესო წარმომადგენლობაში.

პუნქტი მეორე
მეორე პუნქტი გულისხმობს „უკუკავშირის და კომუნიკაციის გაძლიერებას“, უკვე შექმნილია სოციალური მუშაობის ხელშემწყობი საკოორდინაციო საბჭო, სადაც წარმოდგენილნი არიან სოციალური მუშაკები, სამინისტროს და სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.

პუნქტი მესამე
მესამე პუნქტი ტექნიკურ ხელშეწყობას ითვალისწინებს. უკვე შესწავლილია სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრებში არსებული მდგომარეობა კონფიდენციალური საუბრების ოთახებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ტრანსპორტის საკითხს, თითოეულ რეგიონს გადაეცა თითო მანქანა, რომელიც 24 საათის განმავლობაში უშუალოდ სოციალური მუშაკების განკარგვაშია. 15 აპრილამდე დასრულდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძიება სხვა სამინისტროებში. აპრილის ბოლომდე დასრულდება ყველა არსებული და საჭირო რესურსის აღწერა.

პუნქტი მეოთხე
მეოთხე პუნქტი სოცმუშაკთა პროფესიულ მხარდაჭერას გულისხმობს. უკვე დაწყებულია სააგენტოში პროფესიული სუპერვიზიის სამმართველოს შექმნა. უახლოესი დღეების განვალობაში იქნება მონახაზი სოცმუშაკთა ფუნქციების გაწერის და თანამშრომლების რაოდენობაზე შეთანხმების შესახებ. მოხდება რეგიონული საბჭოების მუშაობის ანალიზი და საჭიროებისამებრ ცვლილების შეტანა.

სამინისტროში აცხადებენ,რომ ისინი მუშაობის საგანგებო   საგანგებო რეჟიმზე არიან, რათა ბენეფიაციარები არ დაზარალდნენ და შესაბამისი სერვისი მიეწოდოთ.

ჯანდაცვის სამინისტროში დღეს  დამატებით  15 შტატგარეშე თანამშრომელი აიყვანეს, თანამშრომელთა ახალი ნაკადის მიღებას უახლოეს მომავალშიც  არ გამორიცხავენ. 

“თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოგვიწია მსგავს რეჟიმში მუშაობა, დამატებით კიდევ მინიმუმ 30 თანამშრომლის აყვანა დაგვჭირდება”, — განაცხადა მინისტრმა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაგეგმილია ფსიქოლოგებისა და იურსიტების დამატება. “თითოეულ რეგიონში არის თითო ფსიქოლოგი. უახლოეს მომავალში თბილისს კიდევ ერთი ფსიქოლოგი დაემატება. ასევე, შესაძლებელია სისტემაში მომუშავე სხვა ფსიქოლოგების ჩართვაც. რეორგანიზაციის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 12 იურისტი დაემატება. კონკურსი უკვე გამოცხადებულია”.