“ჯანდაცვის სამინისტროში კრიზისია”-დეპუტატების ნაწილმა სოც მუშაკებს მხარდაჭერა გამოუცხადა

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა – ლევან გოგოჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და დავით ჭიჭინაძემ  გაფიცულ სოც მუშაკებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. 

როგორც გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო შესაძლოა, პარლამენტში დაიბარონ.დეპუტატის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში შესაძლოა, ინტერპელაციის წესით ან საკომიტეტო მოსმენაზე დაიბარონ. დეპუტატის განცხადებით, ყველაფერი დამოკიდებულია მოლაპარაკებების შედეგებზე, რომელიც უწყების ხელმძღვანელობის მონაწილეობით ამ წუთებში მიმდინარეობს. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც სოციალურმა მუშაკებმა საყოველთაო გაფიცვა დაიწყეს.

დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით, ჯანდაცვის სმაინისტროში კრიზისია, რასაც გაფიცულთა რაოდენობა ადასტურებს.

“ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა განცხადებები, რაც არ იყო მისაღები. მაგალითად, განცხადება, რომ მოხდებოდა სოცმუშაკების ჩანაცვლება, არადა ამ ადამიანებს აქვთ ისეთი მოთხოვნები, რომლის დაკმაყოფილება შესაძლებელია და ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნების გამოხატვა. მისასალმებელია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა მოლაპარაკებების გზით საუბარი, თუმცა იმედია, რომ ეს მოლაპარაკებები არ დასრულდება იმ შედეგით, როგორც ეს იყო მედიაციასთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ არის კრიზისი ამ მიმართულებით, მოხდა აფეთქება. ვინაიდან დასაქმებულ სოცმუშაკთა 99% გაფიცულია,” – აღნიშნა დეპუატმა ლევან გოგიჩაიშვილმა.