ჯანდარის ტბაზე დაკარგული ორი მოქალაქის საძიებო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში არ შეუწყვეტიათ, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ცოცხალი ძალის რაოდენობა 55 მაშველამდე გაიზარდა. ჯანდარაში დამატებით უკვე ჩავიდა წყალზე სამაშველო ტექნიკა თბილისიდან და ფოთიდან. ადგილზე მობილიზებულია მყვინთავთა ჯგუფი. პროცესში ჩართულია სითბური დრონი. ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილია საგანგებო შტაბი.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალური ტექნიკის საშუალებით აწარმოებს ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგის სამუშაოებს.
ამ დროისთვის შემოწმებულია ტბის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ნაწილის დაახლოებით 80 პროცენტი. პროცესში ჩართულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამაშველო სამსახური. აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმებით, იგეგმება ქართველი მაშველების მათ ტერიტორიაზე გადასვლა და ადგილობრივ სამაშველო ჯგუფებთან ერთად ოპერაციის გაგრძელება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.