” ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური არჩევანია”- ზურაბიშვილი

ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური არჩევანია და ჩვენთვის წარმატებული საყოველთაო ჯანდაცვისკენ გზა პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე გადის, რათა მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება უფრო თანაბარი და ხელმისაწვდომი გახდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, დღეს გაეროს ეგიდით გამართულ უნივერსალური ჯანდაცვის მაღალი დონის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა

“საყოველთაო ჯანდაცვამ მოგვცა შესაძლებლობა, აღგვედგინა ადამიანების ღირსება, გადაგვერჩინა მათი სიცოცხლე და დაგვეცვა ადამიანის ერთ-ერთი ყველა ფუნდამენტური უფლება – ჯანმრთელობის უფლება, თუმცა, ჩემი გული რჩება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთან, რომელთაც ხშირად არ ეძლევათ შესაძლებლობა, სრულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის იმ სიკეთეებით, რასაც მათ საქართველოს სახელმწიფო სთავაზობს” – გაბაცხადა ზურაბიშვილმა.

„არავინ დატოვო მიღმა“ – ეს ჩვენი საერთო მიზანია. დღეს ვდგავარ თქვენ წინაშე, რათა ავიღოთ ვალდებულება და მოვუწოდო ყველა წევრ სახელმწიფოს, მიიღონ ზომები ჯანდაცვის საყოველთაოობის მიღწევისთვის. მიხარია, რომ ჩვენმა მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ტაილანდელ კოლეგასთან ერთად, ფასილიტატორის რანგში წვლილი შეიტანა გლობალური მოლაპარაკების პროცესში.

2013 წლიდან საქართველომ დაამტკიცა, რომ ჯანდაცვის საყოველთაოობის მიღწევა შესაძლებელია შეზღუდული რესურსის მქონე ქვეყნებისთვისაც. ჩვენ ჯანმრთელობა გამოვაცხადეთ პოლიტიკურ პრიორიტეტად და, რესურსების ეფექტიანი მობილიზაციის გზით, საქართველოს მოსახლეობის 90%-ს დღეს უკვე აქვს წვდომა ჯანმრთელობის დაცვის აუცილებელ სერვისებზე. საყოველთაო ჯანდაცვის დანერგვამ, როგორც ფინანსური ბარიერის აღმოფხვრის მთავარმა მექანიზმმა, 25%-ით შეგვიმცირა ჯიბიდან გადახდები; ასევე, შემცირდა გაღატაკების რისკები.

უნივერსალურობის კიდევ ერთი კარგი მაგალითია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლის განხორციელებაც საქართველოს მთავრობამ 2015 წელს დაიწყო აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, „გილეად საიენსის“, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების ხელშეწყობით. ეს პროგრამა შექმნის ქრონიკული დაავადების მედიკამენტური მკურნალობით აღმოფხვრის პრეცედენტს მსოფლიოში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.