ჯარი თუ მღვდელმსაურების არმია. გირჩი აქციებს აანონსებს

პოლიტიკური გაერთიანება გირჩი სამხედრო სავალდებულო გაწვევასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგ აქციებს აანონსებს. გირჩი პარლამენტის თავდაცვის კომიტეტს ვადას აძლევს, რათა გაიწვიოს კანონპროექტი, რომელიც არამართლმადიდებელ მღვდელმსახურებს სამხედრო სამსახურისგან აღარ გაათავისუფლებს. იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა ანტიკონსტიტუციური, დისკრიმინაციული და ამორალურია, ვინაიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურში მოქალაქეების გაწვევას ითხოვენ ის მაღალჩინოსნები, რომლებიც ჯარში საკუთარ შვილებს არ უშვებენ. მისივე თქმით, თუკი ხელისუფლება სამხედრო სავალდებულო გაწვევას გააუქმებს, თავის მხრივ, გირჩი გააუქმებს ორგანიზაცია ბიბლიურ თავისუფლებას, რომლის საშუალებითაც ასეულობით ახალგაზრდამ ჯარს თავი დააღწია .
თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ბიბლიური თავისუფლების წინააღმდეგ პარლამენტში ორი კანონპროექტი დაარეგისტრირა. მათ შორის ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, არამართლმადიდებელი მღვდელმსახურები სამხედრო სამსახურისგან აღარ გათავისუფლდებიან. ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ გირჩის მიერ დაფიძნებულმა ორგანიზაციამ, სადაც მოქალაქეებს, ჯარიდან დასახსნელად მღვდლად კურთხევის შესაძლებლობა აქვთ, ქართულ ჯარს სერიოზული პრობლემები შეუქმნა და მალე საქართველო არა ძლიერ ჯარს, არამედ მღვდელმსახურების არმიას მიიღებს.