ჯარის ეკიპირება, სპეცფორმები და ფეხსაცმელი კითხვის ნიშნის ქვეშ

აუდიტის სამსახურის დასკვნას, სადაც ძალოვანებისთვის უნიფორმების დეფიციტზე იყო საუბარი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი აფასებს. მინისტრის მოადგილე უარყოფს, ინფორმაციას, რომ უნიფორმების საკმარისი რაოდენობა არ აქვს უწყებას.

სახელმწიფო მაკონტროლბლის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის შემდეგ დღეს სამინსიტროს საწყობებში ჟურნალისტები შეიყვანეს და ჯარისკაცების ფორმები უჩვენეს. აუდიტის სამსახური კრიტიკულ დასკვნაში კი წერს, რომ ჯარს არ აქვს საკმარისი ეკიპირება, სპეცფორმები და ფეხსაცმელი.
გიორგი ბუთხუზი ამბობს, რომ ამ ეტაპზე არა დეფიციტი, არამედ უნიფორმებისრეზერვი აქვს უწყებას. მისივე თქმით, 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც უნიფორმების გაცემის წესი შეიცვალა და სამხედროები ორ წელში სამ უნიფორმას მიიღებენ.
აუდიტის დასკვნა ეფუძნებოდა გასულ წლებს და კონკრეტულად ბოლო დასკვნა 2017 წელს. დასკვნაში მითითებული პრობლემები ძირითადად იყო მემკვიდრეობითი. 2018 წელს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ გატარებული თანმიმდევრული და სწორი სანივთე პოლიტიკის შედეგად, 2018 წლიდან თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები 100%-ით არიან უზრუნველყოფილი სანივთე ქონებით და იქნება შესაბამისი მარაგები რომელიც გარდამავალი იქნება. მინდა სიამაყით განვუცხადო საზოგადოებას, რომ ქართული ჯარი 2018 წლიდან და შემდგომ წლებში იქნება სრულად უზრუნველყოფილი სანივთე ქონებით. 2019 წლიდან შეიცვალა თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეთა ფორმით უზრუნველყოფის ნორმები. ადრე თუ გაიცემოდა ერთ წელიწადზე ერთი ფორმა, დღეს კაპრალ სერჟანტების პირად შემადგენლობაზე ორ წელიწადში სამი ფორმა გაიცემა, ხოლო ოფიცრებზე იგივე რაოდენობა ოღონდ ორწელიწადნახევარზე.
ეს მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს თავდაცვის ძალების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის გაუმჯობესებას და შექმნის იმ უწყვეტობის ციკლს, რომელიც მომავალ წლებშიც გადავა”, განაცხადა გიორგი ბუთხუზმა. მისივე თქმით, სანივთე ქონების მარაგების შევსება პერიოდული და უწყვეტი პროცესია და პროდუქცია წინა წლებთან შედარებით საკმაოდ მაღალი ხარისხისაა.
შეგახსენებთ, აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, თავდაცვის სამინისტროში, არასაკმარისი ფინანსური რესურსის გამო, რომელიც ამ კომპონენტისთვის არის გამოყოფილი (აღსანიშნავია რომ წლების განმავლობაში უნიფორმებით უზრუნველყოფა უმჯობესდება) ვერ ხდება სამხედრო მოსამსახურეების უნიფორმით სრულად უზრუნველყოფა.