ჯარში ათეულის მეთაურმა რიგითს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, გამოძიება დაწყებულია

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლოჯისტიკურ სარდლობას დაქვემდებარებულ ერთერთ სამხედრო ნაწილში ათეულის მეთაურმა ფიზიკური შეურაცხყოფა სხვა ათეულის რიგითს მიაყენა. კონფლიქტის მიზეზი მეთაურის მიცემული შენიშვნა გახდა.

,,კონფლიქტის მიზეზი ათეულის მეთაურის მიერ რიგითისათვის მიცემული შენიშვნა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ რიგითის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და არ აღენიშნებოდა არავითარი დაზიანება, პრევენციის მიზნით გადაიყვანეს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც გაიარა დეტალური სამედიცინო შემოწმება. ექიმის დასკვნის საფუძველზე, ის მაშინვე გაწერეს კლინიკიდან”,- აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

ათეულის მეთაურის მიერ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება უკვე დაიწყო.