ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული წითელაშვილი პრემიერს მისალოცი ბარათისთვის მადლობას უხდის

{{ARTICLEIMAGE}}
“ევროპული საქართველო” პრემიერ-მინისტრისგან, ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ტრისტან წითელაშვილისთვის გაგზავნილ საახალწლო მისალოც ბარათთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტების გაკეთებისკენ მოუწოდებს. ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდს პრორუსული ძალების ღია მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. ტრისტან წითელაშვილმა პრემიერის საახალწლო მისალოცი ბარათი საკუთარ “ფეისბუქზე” გამოაქვეყნა.

წითელაშვილისთვის პრემიერის მიერ საახალწლო ბარათის გაგზავნას სამარცხვინო ნაბიჯს უწოდებს  “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე. ოპოზიციონერი დეპუტატი ფიქრობს, რომ თუ ეს ტექნიკური შეცდომა იყო, მამუკა ბახტაძემ ამისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს.

რა ნიშნით, ან ვის მიულოცა პრემიერმა ახალი წელი – ამის შესახებ, ინფორმაცია არ აქვს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს ანრი ოხანაშვილს. თუმცა მმართველი გუნდის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ მამუკა ბახტაძე სწორ არჩევანს გააკეთებდა. მთავრობის ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ, თავად წითელაშვილს კი თავისი ვერსია აქვს იმაზე, თუ რატომ მიულოცა მას პრემიერმა ახალი წელი.

“ალბათ, გადახედა ჩემს წარსულს, ჩემს დამსახურებებს ჩემი ქვეყნის წინაშე. აფხაზეთი-სამაჩაბლოს ბრძოლასთან დაკავშირებით და ის, რაც შეიარაღებულ ძალებში გამიკეთებია და დამინერგია”, თქვა წითელაშვილმა “რუსთავი 2”-ის ცნობით. მანვე აღნიშნა,  რომ მას ახალ წელს გიორგი კვირიკაშვილიც ულოცავდა როგორც ვეტერანს. წითელაშვილის თქმით, მას კვირიკაშვილისგან სასაჩუქრე ამანათიც აქვს მიღებული ღვინისა და კონიაკის სახით.

ტრისტან წითელაშვილს, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ჯაშუშობა და მტრისათვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა ედებოდა ბრალად.

ტრისტან წითელაშვილი “ქართულმა ოცნების” ხელისუფლებამ 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა. ამასთან, გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე აცხადებდა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია ტრისტან წითელაშვილმა ფირზე გადაიღო, რომელიც შემდეგ საქართველოს მტერი ქვეყნის ხელში აღმოჩნდა. საიდუმლო ბაზაზე შესვლა კი სამსახურებრივი საშვით შეძლო. თავად პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი საიდუმლო სამხედრო ბაზაზე ყოფნას უარყოფს. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის დახმარებით “ჩვეულებრივ ბაზაზე” იმყოფებოდა. წითელაშვილი აღნიშნავს, რომ მას ობიექტზე შესვლაში სოსო ხორბალაძე დაეხმარა. მისივე მტკიცებით, ბაზაზე ფოტო/ვიდეო არ გადაუღია.