“საქართველო აფხაზეთის სოციალისტურ რესპუბლიკაში შედიოდა”-ეს განცხადება დღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.
საქართველოს ისტორიაზე მას საუბარი მას შემდეგ მოუწია, რაც დუმამ საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას დაუჭირა მხარი, ხოლო პუტინი რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს წინადადებას ქართველის ხალხის “პატივისცემის” გამო არ დაეთანხმა.მისი ვერსიით, აფხაზეთის შემადგენლობაში შედიოდა საქართველო და არა პირიქით.
პუტინი ისტორიული ექსკურსით შეეცადა განემარტა, რით ხელმძღვანელობს გადაწყვეტილებების მიღებისას, პუტინისეული საქართველოს ისტორია კი ასეთი აღმოჩნდა:
„ოსეთი რუსეთის იმპერიაში, მგონი 1774 წელს შევიდა. მთლიანად, სამხრეთიც და ჩრდილოეთ ნაწილიც. როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. აფხაზეთი 1810 წელს – ასევე როგორც დამოუკიდებელი სახლემწიფო. მოგვიანებით პროცესები ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში განვითარდა. ოსეთის სამხრეთ ნაწილი შევიდა თბილისის გუბერნიაში, არანაირი საქართველო მაშინ არ იყო და იყო თბილისის გუბერნია. აფხაზეთში ასე მოხდა: როცა რუსეთის იმპერია დაიშალა, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველოს აფხაზეთის შთანთქმის მცდელობა ქონდა. შეიქმნა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და 1918 წელს გერმანული ჯარების დახმარებით საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა. ოკუპანტები ძალიან სასტიკად მოქმედებდნენ.
უფრო სასტიკად მოქმედებდნენ ქართული ჯარები ოსეთში-1919 და 1920 წლებში. ეს თავისი არსით იყო ის, რასაც ახლა გენოციდს უწოდებენ. ეს უნდა იცოდეს საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ. ამის დავიწყება არ შეიძლება, თუკი საქართველოს ხელისუფლებას ურთიერთობების აწყობა სურს აფხაზ და ოს ხალხთან.
საბჭოთა პერიოდში სხვათა შორის, ჯერ სამოკავშირეო აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა შეიქმნა, რომელშიც დღევანდელი საქართველო შევიდა, მაგრამ სტალინის დროს შეიქმნა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა, რომლის შემადგენელიც გახდა აფხაზეთი, და ჩვენი უფლებადამცველები სხვათა შორის, ამას არასოდეს აქცევენ ყურადღებას. სტალინის ბრძანებით ბერიამ ძალიან მკაცრი ზომები მიიღო აფხაზების მიმართ. ძალიან მკაცრი, არც მსურს ამაზე საუბარი- იმისთვის რომ საქართველოს მიეთვისებინა ეს ტერიტორია. აი ამ მძიმე მემკვიდრეობის იგნორირება მოახდინა თანამედროვე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა როცა გააუქმა ავტონომია – აჭარის, აფხაზეთის. ამან გამოიწვია აფეთქება და ძმათამკვლელი ომი”-განაცხადა პუტინმა.
პუტინი საქართველოს უახლეს ისტორიასაც შეეხო და განაცხადა, რომ 2008 წლის ომი სააკაშვილმა დაიწყო.
“ვარწმუნდებდი მიხეილ სააკაშვილს თავის დროზე, რომ არანაირი საომარი მოქმედებები არ დაეწყო აფხაზებისა და ოსების მიმართ, ამერიკელებსაც იგივეს ვეუბნებოდი, – არა, არავითარ შემთხვევაშიო და რა გამოვიდა – ომით შევიდნენ იქ. შედეგი – დღეს უკვე ცნობილია. რუსეთი უბრალოდ იძულებული იყო ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ეცნო და დაეცვა აფხაზი და ოსი ხალხი. რატომ ვამბობ ამას: აი ამ ანტირუსულ განწყობებს აღვივებენ ის ადამიანები, რომლებმაც ან არაფერი იციან, ან იციან და იგნორირებას უკეთებენ და საბოლოოდ გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ თავად საქართველოს და ქართველ ხალხს”-აღნიშნა პუტინმა.