ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ჯერჯერობით ყველა კლასტერი კონტროლდება.
მისი განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პიკი ძირითიადად მე-7-მე-8 კვირაში დგება, თუმცა საქართველოში შეიძლება ასეთი პიკი არც იყოს.
,,ჩვენ ზუსტად ვიცით, რომელი კლასტერი როდის ემატება, ეს ნიშნავს, რომ ჯერჯერობით, საბედნიეროდ ყველა კლასტერი კონტროლდება. ყველა დადებითი შემთხვევა ვიცით რასთან არის დაკავშირებული.
რაც შეეხება იმას, თუ როდის ველოდებით პიკს, სხვადასხვა მოდელი ამბობს, რომ პიკი მოსალოდნელია, თუ არაფერს გავაკეთებთ, მე-7, მე-8 კვირაზე პირველი შემთხვევების გამოვლენიდან. ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ არის აქტიური სოციალური დისტანცირება, მთელი რიგი ღონისძიებები, ამდენად მე-7, მე-8 კვირის პიკი დიდი ალბათობით გადავადდება და ჩვენ შეიძლება არც არასდროს მივიღოთ პიკი. ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ იყოს ეტაპობრივი და თანმიმდევრული, თუ იქნება შემთხვევების მატება. საუკეთესო სცენარი არის, რომ შემთხვევების მატება და გამოვლენა იყოს ეტაპობრივად,“ – თქვა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ დღეს 66-ს მიაღწია. მათგან 3-ის მდგომარეობა მძიმეა, 9 კი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 .