ჯიშკარიანი სექსუალური და ფიზიკური ძალადობის თაობაზე მის მიმართ ბრალდებებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

ჯიშკარიანმა კომენტარი  „ინტერპრესნიუსთან”  ექსკლუზიურად გააკეთა.

„ეს არის ცრუ ბრალდება, ძალიან მძიმეა, მაგრამ ცრუა. ბრალს არ ვაღიარებ.

კანონი რასაც ითვალისწინებს, სასამართლო იქნება თუ საგამოძიებო მოქმედებები, მზად ვარ, ყველაფერში მონაწილეობა მივიღო. არასდროს შემიშლია ხელი და არც გამოძიებისთვის მითქვამს უარი. რაც იყო იმასთან დაკავშირებით ჩვენება მივეცი.

სიმართლე რომ გითხრათ, ბრალის წაყენებას არ ველოდი. საიდან? რანაირად? ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. ეს რომ გავიგე, ხელებში და ფეხებში ძალა წამერთვა, საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი. ახლა ბრძოლას ვიწყებ და შეხედავს საზოგადოება, ჩემი მშობლები, ჩემი ამომრჩეველი, ნათესავები და თქვენც დაინახავთ“, – განაცხადა ჯიშკარიანმა “ინტერპრესნიუსთან”.

შეგახსენებთ, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს გუშინ, 8 ოქტომბერს, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.