„ჯორჯიან მანგანეზი“ გაფიცულ თანამშრომლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან მანგანეზი“ გაფიცულ თანამშრომლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს,მასში ის პირობებია ის პირობებია ჩამოთვლილი, რომელიც გაფიცულებს გუშინ  შესთავაზეს.

“1. 2019 წლის 1-ელი ივლისიდან, რესტრუქტურიზაცია-რეორგანიზაციის დაწყებისთანავე, ხელფასის 25%-იანი, ეტაპობრივი ზრდა, უფრო კონკრეტულად: 2019 წლის 1-ელი ივლისიდან – 15%-იანი ზრდა, ხოლო 2020 წლის 1-ელი ივლისიდან – 10%-იანი ზრდა;

2. ხელფასის მატებასთან დაკავშირებით, კომპანიას თანამშრომლებისთვის შეთავაზებული ჰქონდა ალტერნატიული წინადადებაც: წლის 1-ელი ივლისიდან – ხელფასის 10 %-იანი ზრდა რესტრუქტურიზაცია-რეორგანიზაციის ხარჯზე; ასევე, 26 მაისის მდგომარეობით, კომერციულ ბანკებში მათ მიერ აღებული საბანკო სესხების დაფარვა;

სახელფასო დანამატები გავრცელდება 1000 ლარამდე ხელფასის მქონე პირებზე.

3. კონტრაქტორი კვებითი კომპანიის ახლით ჩანაცვლება, რაც დასაქმებული თანამშრომლების კვების რაციონისა და ხარისხის გაუმჯობესების პირობა გახდება;

4. სადაზღვევო კომპანიასთან პრობლემური საკითხების დარეგულირება და დასაქმებული პირების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;

5. ჭიათურაში მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობის სრულად შეზღუდვა;

6. 3 თვის ვადაში კონტრაქტორი კომპანიების მიერ ნაწარმოები მანგანუმის მადნის გადასაზიდი სარკინიგზო ტერმინალის მშენებლობის უზრუნველყოფა;

7. ჭიათურაში, სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე პარკისა და ატრაქციონების პარკის მშენებლობის დაფინანსება-კეთილმოწყობაში მონაწილეობა;

8. ჭიათურის მერიისთვის დასუფთავების სპეციალური ტექნიკის შეძენა და გადაცემა;

9. კარიერების შესასვლელებში საკარიერო მანქანების გარეცხვის უზრუნველსაყოფად სპეციალური სამრეცხაოების მოწყობა;

10. ზემოაღნიშნული პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება დასაქმებულების მიერ შეთავაზებული პროფკავშირების მიერ.

აღსანიშნავია, რომ ეს არის ის მაქსიმუმი, რის შეთავაზებაც დღეს „ჯორჯიან მანგანეზს“ შეუძლია, რათა ჭიათურაში უკიდურესად დაძაბული ვითარების დარეგულირება და განმუხტვა შესაძლებელი გახდეს, რაც ამ სიტუაციაში უმნიშვნელოვანესია როგორც კომპანიის თანამშრომლებისთვის, ასევე – რიგითი ჭიათურელებისთვის.

სამწუხაროა, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ შეთავაზებებს დასაქმებულები არ დათანხმდნენ“- ნათქვამია ჯორჯიან მანგანეზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.