{{ARTICLEIMAGE}}ჯვრის მონასტერი, რომელიც მონასტრის წინამძღოლმა მოუწესრიგებელი გარევაჭრობის მიზეზით დახურა დღეს გაიხსნა. მცხეთის მერის, გოგიტა კაპანაძის განცხადებით საპატრიარქოსთან მიღწეულია შეთანხმება, რომ მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის დარეგულირებას მერია უზრუნველყოფს. ტერიტორიაზე დაიდგმება სპეციალური დახლები მოვაჭრეებისთვის და გარევაჭრობა ცივილიზებულ სახეს მიიღებს.
მონასტრის დაკეტვის გადაწყვეტილება მონასტრის წინამძღოლმა კონსტანტინე ჯინჭარაულმა სამი დღის წინ მიიღო. მონასტერი სამი დღის განმავლობაში ტურისტებისთვის დაკეტილი იყო. მონასტერში მომლოცველებსა და დამთვალიერებლებს არ უშვებდნენ.
მონასტრის დაკეტვას გუშინ საპატრიარქოს გამოეხმაურა. “გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას, უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და მოუწესრიგებელი სახით იყოს წარმოჩენილი”.














