კაცი რომელმაც ხაშურში ცოლი მოკლა დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა  ხაშურში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.დ. ცხელ კვალზე დააკავეს.

ბრალდებულმა 11 ოქტომბერს, ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს – 1989 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმასამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა , მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ი.დ.-ს ადგილსამყოფელი მალევე დაადგინეს და იგი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 2 ხელყუმბარა და სანადირო დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ასევე, შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.