“კაცს იჭერენ წიწიბურისა და კატლეტის ჭამისთვის”-ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია  ზვიად კუპრავას საქმესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს.  მელიას თქმით საქმე უპრეცედენტოა და „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ციხეში წიწიბურისა და კატლეტის ჭამისთვის ზის.

“ადამიანი იყო შესვენებაზე ბუფეტში ზაზა სარალიძესთან ერთად და  მიირთმევდა კატლეტს და წიწიბურას, ამ დროს ჩავარდნენ პოლიციის თანამშრომლები და ძალდატანებით ეცადნენ წამოყვანას. დაუწყეს ჯაჯგური და ამ კაცმა უთხრა დავამთავრებ თუ შეიძლება და ამოვალო. აი ამ ჯაჯგურში მან თქვა ეს ფრაზა მკიდია მოსამართლე დავამთავრებ საჭმელს და ამოვალო, ამის გამო ხუთი თვეა, ზვიად კუპრავა ციხეშია ხალხნო და ხვალ დილის 10:00 საათზე აპირებენ საბოლოოდ განაჩენით  გაამყარონ მისი პატიმრობა. არა რსებობს პრეცედენტი, რაც დამოუკიდებელი საქართველო არსებობს, რომ ოდესმე პატიმრობაში მოხვედრილიყოს ადამიანი, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს სასამართლო დარბაზის მიღმა..

მოსამართლე ელენე, გვარად გოგუაძე ხვალ 10:00 საათზე აპირებს ამ ენით აღუწერელი გადაწყვეტილების მიღებას. ზვიად კუპრავას ეს საქმე საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ მართლმსაჯულება არ არსებობს. ყველაფერი ერთმა ადამიანმა ჩაიგდო ხელში, ბიძინა ივანიშვილი წყვეტს ყველაფერს. მგონი, ვალდებულებიც ვართ, როდესაც ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით თავი დავიცვათ. კაცს იჭერენ წიწიბურას და კატლეტის ჭამის გამო, ამას ვერ შევეგუებით. ხმა ყველამ ერთად უნდა ამოვიღოთ, მივმართავ არასამთავრობოებსაც. დაველოდოთ ხვალინდელ გადაწყვეტილებას და მერე შევიკრიბოთ და გადავწყვიტოთ, რა ვიღონოთ,“– აცხადებს ნიკა მელია.