არასაპარლამენტო ოპოზიცის წარმომადგენლები ანზორ ჩუბინიძის დაკითხვის აუცილებლობაზე საუბრობენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ 20 ივნისის შემდეგ პოლიტიკური რეპრესიებია დაწყებული.
მათივე თქმით, ხელისუფლება აკავებს ყველას, ვინ რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდა, თუმცა ძალოვანთა მიერ ძალის გადამეტებაზე არ რეაგირებს.
20 ივნისის სადამსჯელო ოპერაციის ხელმძღვანელებმა რომ თანამდებობა უნდა დატოვონ, ამაზე საუბრობს „თავისუფალი დემოკრატების” წევრი, ალექსანდრე ბარამიძე. ის ამბობს, რომ ხელისუფლება უმოქმედოა თავისი წევრების მხრიდან კანონის დარღვევებთან მიმართებაში.
„ის პირები, რომლებიც ჩვენს თვალწინ ხელმძღვანელობდნენ ამ სადამსჯელო ოპერაციას, მე ვგულისხმობ, შს მინისტრს და ასევე, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელს, ის პირები თანამდებობაზე რჩებიან და თვითონ ხელმძღვანელობენ, ასე ვთქვათ, საგამოძიებო მოქმედებებს,“ – ამბობს ბარამიძე.
20 ივნისის ღამეს რომ პროცესებს რეალურად ანზორ ჩუბინიძე მართავდა – ამ მოსაზრებას საქართველოს “რესპუბლიკური” პარტიის პოლიტიკური მდივანს, თამარ კორძაიას შს მინისტრის განცხადებები უმყარებს.
„გახარიას განცხადებებმა გააძლიერა ეჭვი, რომ ჩუბინიძე მართავდა სინამდვილეში პროცესებს, იმიტომ, რომ კადრებში ჩანს, რომ ის სპეცრაზმს აძლევს მიმართულებებს, ამ მთავრობაში ყველა არის ბიძინა ივანიშვილის ხელდასმული, ყველა ემორჩილება ბიძინას და ახლა ისინი არიან შეკრულები, იმიტომ, რომ ერთის გამეტება ნიშნავს მთელი გუნდი არის აბსოლუტურ პრობლემებში, ამიტომ, ეს რაღაც კრიმინალური აზროვნება, რაც მთავრობაში არის, არის დამანგრეველი,“ – განაცხადა კორძაიამ.