კახა კალაძე ტაქსის მძღოლების ხმაურიან აქციას გამოეხმაურა და მძღოლებთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით,რეფორმის ნებისმიერი პრობლემურ საკითხს მათთან ერთად განიხილავს.
“ტაქსების რეფორმა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს მიმართულება აუცილებლად უნდა იყოს მოწესრიგებული და პირობას გაძლევთ, რომ იქნება მოწესრიგებული. ასევე მნიშვნელოვანია ის სიკეთეები, რომელიც გათვალისწინებულია ტაქსის მძღოლებისთვის. არ მინდა ეს კონკრეტული საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადავიტანო, რადგან ამ აქციის ორგანიზატორი პოლიტიკური პარტიაა და თავს შევიკავებ კომენტარისგან. რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, ვისაც სურვილი აქვს ჩვენთან კომუნიკაციის, არანაირი პრობლემა არც ყოფილა და არც ახლა არსებობს. იყო შეთავაზება, თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ და მათ დასმულ ყველა კითხვას გაეცემოდა შესაბამისი კომპეტენტური პასუხი, კიდევ ერთხელ იქნებოდა ის სიკეთეები ახსნილი, რაც ამ ადამიანება და მათმა ოჯახებმა შეიძლება მიიღონ. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების მხრიდან ეს ქმედებები და დამოკიდებულება ჩემთვის არ არის მისაღები. რეფორმა მნიშვნელოვანია და საკმარისი დროა იმისთვის, რომ მათ შეძლონ ამის მოგვარება და მოწესრიგება. თუ ამაშიც არის ჩვენი დახმარება საჭირო, დედაქალაქის მერია მზად არის შეხვდეს კეთილსინდისიერ ტაქსის მძღოლებს და გავიაროთ ნებისმიერი პრობლემური საკითხი, რომელიც მათ აწუხებს”, – განაცხადა კალაძემ.