“კახა კალაძეც გამოვა და იტყვის, ოქრუაშვილი მოკვლას მიპირებდაო ან რაღაცა მარსიანელები ჩამოიყვანაო”-ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ირაკლი ოქრუაშილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან  მასზე თავდასხმაზე გაიხსენა და  დამკვეთად კახა კალაძე დაასახელა.

ვოლსკი ყოფილი თავდაცვის მინისტრის განცხადებას უსაფუძვლოს და აბსურდულს უწოდებს.

„დათა თუთაშხიას მახსენებს, დავალებას რომ აძლევს, რომ იმას უთხარი ისო, მაგრამ სახლში თუ არ დაგხვდა, მეორეს უთხარი იგივეო, ოღონდ პირიქითო. დაახლოებით, ეგეთი შეფასება შემიძლია, გავაკეთო. კახა კალაძეც გამოვა ახლა და იტყვის, ოქრუაშვილი მოკვლას მიპირებდაო ან რაღაცა მარსიანელები ჩამოიყვანა. საკითხებს მე სერიოზულ პასუხს ვერ გავცემ.

ორი ვარიანტი არსებობს აქ, ან ერთი, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე უნდა დამკვიდრება და რაღაც იმ შეკითხვებისგან თავის არიდება, რომელიც აბსოლუტურად ნათელია, რომ მის მიმართ ექნება გამოძიებას, ან მეორეა, რომ რაღაცა დიდი ვალი გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც დაიჭირა და შემდეგ ძალიან უცნაურ ვითარებაში გაათავისუფლა და საზღვარგარეთ გაამგზავრა. საუბრობს იმაზე, რომ მას რეკეტის სისტემა ჰქონდა აწყობილი და საუბრობს იმაზე, რომ სახელმწიფო მოხელეს შეეძლო, ეყიდა “რუსთავი 2”, ან სხვა ტელევიზია და ათეულობით მილიონ დოლარს ატრიალებდა. ამას თვითონ რაც არ უნდა თვითილუსტრაცია და თვითაღიარება იყოს, ამასაც დამტკიცება სჭირდება,“ – განაცხადა ვოლსკიმ.