კახა კალაძეს მრგვალ ბაღში აქტივისტები თვალზე ხელაფარებულები დახვდნენ

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მრგვალ ბაღში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. თბილისის მერს მრგვალ ბაღში ახალგაზრდებმა საპროტესტო პერფორმანსი მოუწყვეს.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები, რომლებიც 20-21 ივნისის ღამით ძალის გამოყენებით აქციის დაშლის გამო, შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ. თბილისის მერს ცალ თვალზე ხელაფარებულები დახვდნენ.

კახა კალაძე, მრგვალ ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაობის დასათვალიერებლად იყო მისული. მისი სიტყვებით, გამოხატვის უფლება ყველას აქვს.

„კითხვას შემოგიბრუნებთ. რატომ დაიწყო შტურმი პოლიციაზე, სახელმწიფოში უპირველეს ინსტიტუტზე? მეორე კითხვას დაგიბრუნებთ – ჩაგიხედავთ კანონში, იცით, როგორ არის ეს, როგორ ხდება ზოგადად? არ გაქვთ სწორი ინფორმაცია. შეიძლება, ყველამ არ ვიცოდეთ ყველა კანონი, არც მე ვიცი ყველა მათგანი, მაგრამ გეტყვით, როგორ ხდება: როცა აქცია არის დაგეგმილი, ხუთი დღით ადრე ხდება შეტყობინება დედაქალაქის მუნიციპალიტეტში და მერია გამოყოფს წარმომადგენლებს, აქვს კომუნიკაცია აქციის მონაწილეებთან. როდესაც დაშლა ხდება, წინასწარ ხდება გაფრთხილება.

ამ ქვეყანაში ყველას აქვს უფლება, გამოხატოს მოსაზრება მშვიდობიანი ფორმით. რაც ხდებოდა და დაიწყო კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მოწოდებები პარლამენტში შევარდნაზე, შტურმზე, იყო უმძიმესი. ჩემთვის ასევე მძიმე იყო ისიც, თუ როგორ განვითარდა მერე მოვლენები, ამდენი დაშავებული ადამიანი. რა დავარქვათ იმას, როდესაც ხდებოდა პოლიციელების პირდაპირ ცემა-ტყეპა. პოლიცია იდგა და ერთი ნაბიჯი არ იყო გადადგმული. ეს იყო კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მხრიდან უპასუხისმგებლო ქმედებები. დემოკრატია არ ნიშნავს ქაოსს და სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს, დედა ვაგინოთ ერთმანეთს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ახვეული თვალი 20 ივნისის ღამის დარბევის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის გადაგომის მოთხოვნით მიმდინარე პროტესტის სიმბოლოდ იქცა. აღნიშნული ჟესტი ეხმიანება ფაქტს, როცა დარბევისას სპეც. რაზმელთა მიერ ნასროლი რეზინის ტყვიის გამო ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა.