კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები შემაშფოთებელია-საია

კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები შემაშფოთებელია, – საიამ კალაძის განცხადების შესახებ განაცხადა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ კოორდინატორების ქმედება კანონდარღვევა არ არის, თუმცა უარყოფითი ფაქტია.

„ისინი ან დისტანციურად აღრიცხავენ ხმის მისაცემად მოსულ მოქალაქეებს, ან ფოტო-ვიდეო გადაღებით აღბეჭდავენ უბანზე მისვლის პროცესს. მსგავსი შეთხვევები ვიდეო კადრებზე ზუგდიდის ოლქში #1 და #4 უბნებზე საიას დამკვირვებლებმაც დააფიქსირეს. მართალია, არც ერთი ეს შემთხვევა კანონდარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ ის დისკომფორტს უქმნის ამომრჩეველს და მათ კონტროლის განცდას უჩენს. ეს უარყოფითი ფაქტები წინა რამდენიმე არჩევნების დროს გამოვლენილი ტენდენციაა და უარყოფითად არის შეფასებული, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ.კიდევ უფრო შემაშფოთებელია მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები“,- ნათქვამია განცხადებაში.

კახა კალაძემ კოორდინატორებს მიმართა, ნუ შეუშინდებიან კონკრეტული ტელევიზიების ჟურნალისტებს, რადგან მათ აქვთ სიებით უბნებთან დგომის უფლება.

„მინდა მივმართო ყველა კოორდინატორს, ვინც სიებით დგას უბნებზე. მათ ამის კანონიერი უფლება აქვთ. ნუ შეუშინდებით მეგობრებო კონკრეტული ტელევიზიების ჟურნალისტებს, თქვენ გაქვთ ამის უფლება და შეგიძლიათ გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა. თუ ვინმე თქვენს საქმიანობაში ხელს შეგიშლით, აუცილებლად მიმართეთ შესაბამის სამსახურებს“, – განაცხადა კალაძემ.