კახეთში დააკავეს მამა, რომელიც არასრულწლოვან შვილს გათხოვებას აიძულებდა

პოლიციამ კახეთში არასრულწლოვნის ქორწინების იძულების ბრალდებით 44 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც არასრულწლოვან შვილს გათხოვებას აიძულებდა.

“სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში, 2002 წელს დაბადებულ არასრულწლოვან გოგონას მამა -1975 წელს დაბადებული მ.მ., მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ქორწინებას აიძულებდა.

არასრულწლოვნის უსაფრთხოების მიზნითა და არსებული რეალური რისკების გათვალისწინებით, პოლიციამ მისი მშობლების მიმართ შემაკავებელი ორდერები გამოსცა.“ – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

გოგონა ამჟამად გადაყვანილია თავშესაფარში და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება ოჯახის წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ქორწინების იძულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.