კახეთში ოპოზიციის მხარდამჭერზე ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

{{ARTICLEIMAGE}}
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გურჯაანში გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერზე, შ.დ.-ზე ძალადობაში ბრალდებული პირები დააკავეს. 

უწყების ცნობით, შ.დ.-ს გამოკითხვით გაირკვა, რომ მას 16 დეკემბერს სოფელ ველისციხეში ფიზიკური შეურაცხყოფა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიაყენეს.

დაკავებული არიან 1967 წელს დაბადებული გ.მ. და 1971 წელს დაბადებული მ.უ. რომლებიც შსს-ს განცხადებით, აღიარებენ დანაშაულს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. შსს-ს ცნობით, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.

ცნობისათვის, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა გაავრცელა კადრები, რომლის მიხედვითაც 16 დეკემბერს ველისციხესთან ერთ-ერთი აქტივისტი, სავარაუდოდ, ოპოზიციის მხარდამჭერების მანქანაში “სპრეის” ასხამს. შსს აცხადებს, რომ კადრების შესწავლა უკვე დაწყებულია, თუმცა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში არ არის დაზუსტებული, სწორედ ამ ეპიზოდს ეხება თუ არა საქმე.

როგორც ცნობილია, 16 დეკემბერს ინაუგურაციის პარალელურად, თბილისი-კახეთის გზაზე გაერთიანებული ოპოზიციის წევრები და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდა. სოფელ ველისციხეში მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც გაერთიანებულ ოპოზიციას გზა გადაუკეტა პოლიციამ და თელავში ჩასასვლელად ყვარლის შემოვლითი გზით წასვლა ურჩია. 

გაერთიანებული ოპოზიცია აცხადებს, რომ შსს-მ შეზღუდა კონსტიტუციური უფლება, გამოხატვის თავისუფლება. თავის მხრივ, შსს-სა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მათთვის თელავში ჩამოსვლა და აქციის ჩატარების უფლება არავის შეუზღუდავს და სინამდვლეში ოპოზიცია პროვოკაციებს გეგმავდა. საბოლოოდ, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად ოპოზიციის დაგეგმილი აქცია არ ჩატარდა და დაპირისპირებისას როგორც პოლიციელები, ისე აქციის მონაწილეები დაშავდნენ.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დაისჯება ყველა, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. 

17 დეკემბერს კი პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის წევრი”, დავით კირკიტაძე დააკავეს. მას ბრალს დღეს წარუდგენენ, ოპოზიცია კი სასამართლო პროცესის ფონზე გურჯაანში აქციას გეგმავს.