კახეთში, ვირუსით 31 წლის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში 31 წლის ორსული, სავარაუდოდ, ვირუსით გარდაიცვალა. ვანთაში მერის წარმომადგენლის, გიორგი ნაპირელის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს მაღალი სიცხეები ჰქონდა.

„გადმოცემით ვიცი, რომ სიცხეები ჰქონდა, როგორც ჩანს ექიმს არ მიაკითხა. ჩვენმა ექიმმა რომ ნახა, უკვე გული გაჩერებული იყო. ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია, ძალიან მძიმე ამბავი დაატყდათ“,- განაცხადა გიორგი ნაპირელმა.

ახალგაზრდა ქალი, 21 კვირის ორსული იყო და აღრიცხვაზე, თელავში, ყამბარაშვილის კლინიკაში იყო დარეგისტრირებული. კლინიკის ინფორმაციით, ორსულობა რთულად არ მიმდინარეობდა და დამატებითი ფაქტორების გარეშე, ის გარდაცვალების მიზეზი ვერ გახდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო. დანიშნულია ესქპერტიზა, რომელიც ორსულის გარდაცვალების მიზეზს დაადგენს. ორსულის გარდაცვალების მიზეზებს იკვლევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის წარმომადგენლობაც.