კახი კალაძე ხაბეიშვილის ბრალდებებს პასუხობს

თბილისის მერმა დღევანდელი მთავრობის სხდომა საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე, ლევან ხაბეიშვილზე საუბრით დაიწყო. კახი კალაძე ხაბეიშვილის იმ ბრალდებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც,  ერთ-ერთ სკვერში კორპუსის მშენებლობისთვის ხეები იჭრება.

თბილისის მერმა  ხაბეიშვილი ირონიულად  მოიხსენია, როგორც მომავლის პოლიტიკოსი, შემდეგ კი თავის მოადგილეს, მაია ბითაძეს  გურამიშვილზე მიმდინარე მშენებლობის შესახებ განმარტების გაკეთება სთხოვა.

“მომავლის პოლიტიკოსმა დღეს გააკეთა განცხადება, რომ კონკრეტულ მისამართზე, სკვერში თითქოს იჭრება ხეები, იმისთვის, რომ აშენდეს 12-სართულიანი კორპუსი. მომავლის თაობის პოლიტიკოსი იცით ხომ ვინ არის? იმან დაარქვა მომავლის თაობის პოლიტიკოსი, ჰოლანდიაში რომ არის. განმარტება რომ გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით, რა ხდება? მეც მაინტერესებს”.

მაია ბითაძემ  ხაბეიშვილის ბრალდებას სამარცხვინო უწოდა და განმარტა  რომ გურამიშვილის გამზირზე სანიტარული ჭრები მიმდინარეობს.

“ბატონი ლევან ხაბეიშვილი, რომელიც იმყოფებოდა სკვერში და მიუთითებდა იმაზე, რომ სკვერში უნდა აშენდეს 12-სართულიანი კორპუსი, რაზეც ასევე სპეციალური ზონალური შეთანხმებით, 12 სართულამდეა გაზრდილი მოცულობა და იჭრება ხეები, ვფიქრობ, არის ნამდვილად სირცხვილი.

კადრებში ასახული იყო სანიტარული ჭრები, რომელსაც აქტიურად ახორციელებს მუნიციპალიტეტი იმისთვის, რომ დაავადების კერები აღმოვფხვრათ”, – განაცხადა თბილისის  მერის მოადგილემ.