“კალაძე თავს იტყუებს, ფეხბურთშიც უწევდა თავის მოტყუება, ზოგჯერ საკუთარ კარში გოლსაც გაიტანდა”- ლევან ბერძენიშვილი

კახა კალაძე თავს იტყუებს. ალბათ, ფეხბურთშიც უწევდა ხოლმე თავის მოტყუება, ყოველთვის კარგად ხომ ვერ ითამაშებდა, ზოგჯერ გოლსაც გაიტანდა საკუთარ კარში და ალბათ, მაშინაც თავს იტყუებდა, რომ ასეა საჭირო, არავის დაუნახავსო, – ასე აფასებს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი კახა კალაძის განცხადებას, რომ გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენას დიდი აღფრთოვანება მოჰყვა.

„გახარია არის ადამიანი, რომელსაც საქართველოში კი არა, საერთოდ ცხოვრებაში ერთი კარგი საქმე არ აქვს გაკეთებული და როცა ლაპარაკია იმაზე, რომ ის თითქოს ძალიან ძლიერი ფიგურაა, სად ჩანს, მისი პოლიტიკური სიძლიერე?! პოლიტიკური სიძლიერეა მეტოქეებთან კამათი, ამ კამათში გამარჯვება. სადმე გინახავთ გახარია დებატებში?! გახარია არავინ არ არის, ამიტომ თავს ნუ ინუგეშებენ, რომ ის ძლიერი ფიგურაა და ახლა ის გადარჩენს ივანიშვილის წამხდარ საქმეს. ეს იმას ნიშნავს, რომ კახა კალაძე თავს იტყუებს. ალბათ, ფეხბურთშიც უწევდა ხოლმე თავის მოტყუება, ყოველთვის კარგად ხომ ვერ ითამაშებდა, ზოგჯერ გოლსაც გაიტანდა საკუთარ კარში და ალბათ, მაშინაც თავს იტყუებდა რომ ასეა საჭირო, არავის დაუნახავსო. ხელისუფლებამ ვერ დაინახა აქციები, ვერ დაითვალეს ხალხი, თქვეს, რომ 20-25 კაცი დგას, ეგ არაა საზოგადოებაო. კაცს, რომელმაც ბავშვებს თვალები დათხარა აწინაურებენ, რადგან ივანიშვილმა გადაწყვიტა ხელისუფლებაში დასარჩენად საჭიროა თანამდებობაზე დანიშნოს ოთხი პოლიციელი და დანიშნა. მიკვირს, განათლების მინისტრად ჯერჯერობით როგორ არ არის პოლიციელი დანიშნული, მაგრამ ალბათ, ამასაც გამოასწორებენ. ეს წარდგენა არის სირცხვილი საქართველოს პარლამენტის, სადაც იმუქრებიან, რომ უმრავლესობა ერთხმად დავუჭერთ მხარსო, ერთხმად წავლენ პოლიტიკურ საფლავში, ერთად დაიმარხავენ თავს. ეს ყველაფერი, კონფრონტაციის ეს გზა ნანახი გვაქვს, არამხოლდო საქართველოში, არამედ ბევრ ქვეყანაში“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.