კახა კალაძემ თბილისში მიკროავტობუსების წარმოების შესაძლო დაწყება და ახალი სამარშუტო ტაქსების გამოჩენა დააანონსა. თბილისის მერს ჯერჯერობით დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა ერთ-ერთი სამარშუტო ტაქსის მოდელი ლაივის დროს მან საჩვენებლად გამოიყენა დ ამის უპირატესობებზე ისაუბრა.
“გვაქვს რამდენიმე შეთავაზება, პირველი ეს არის “ფორდის“ ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა და მეორე ეს არის საქართველოში წარმოების დაწყება. რასაც ჩვენ მივესალმებით. მიკროავტობუსი ადაპტირებულია შშმ პირთათვის, შიგნით საკმაოდ კომფორტულია, აღჭურვილია კონდიცირების სისტემით და გათბობით. 17 დასაჯდომი ადგილია. თუ ეს კომპანია ამ მიკროავტობუსების წარმოებას საქართველოში მოახერხებს კარგი იქნება. მისასალმებელია ის, რომ საქართველოში მოხდება მიკროავტობუსების გამოშვება და მისასალმებელია ის, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნება“-განაცხადა კალაძემ.
“კომერსანტის” ინფორმაციით, ქართული წარმოების მიკროავტობუსი, რომელსაც “ელვა“ ერქმევა, რუსული კომპანია „Группа ГАЗ“-ის მიერ წარმოებული ГАЗель NEXT -ის იდენტური იქნება. ამ პროექტში ინვესტორი $30 მილიონის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს.