თბილისის მერმა რესპუბლიკის მოედნიდან ვიდეო ჩართვის საშუალებით ელექტრომობილის ნიმუში წარმოადგინა, რომლის წარმოება მისი თქმით ქუთაისში მოხდება. კალაძემ ავტომობილი თავად გაატარა და თან მის უპირატესობებზე ისაუბრა.
კალაძე მადლობას უხდის პრემიერ მინისტრს, რომლის აქტიური მუშაობის შედეგად მისი თქმით ამ ავტომანქანების აწყობა ქუთაისში მოხდება.
კახა კალაძის თქმით, ქუთაისში წარმოებული ელექტრომობილები ე.წ. ქარშეარინგის ფარგლებში იმოძრავებენ და მისი ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.
„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, სმარტფონებზე ქარშეარინგის აპლიკაცია გადმოწეროს, ქალაქის სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა ქუჩაზე განთავსებული ელექტრომობილი აიყვანოს და ნებისმიერ ადგილზე გადაადგილდეს. დღეს მე წარმოგიდგენთ ავტომობილს, რომლის წარმოება, როგორც ეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დააანონსა, ქუთაისში მოხდება.
კალაძის თქმით ელექტრომობილები ქალაქში გამონაბოლქვს შეამცირებს. ავტომობილის ეს კონკრეტული მოდელი კი სრულად დატვირთული ავტომობილით დაახლოებით 400 კილომეტრის გავლას შეძლებს. კალაძე ამბობს, რომ სახელმწიფო დაწესებულებები ნელ–ნელა ელექტრომობილებზე უნდა გადავიდნენ, რომ საზოგადოებას ელექტრომობილის შეძენის სტიმული მისცენ.
მისი თქმით მუნიციპალიტეტი მიმდინარე წლის თებერვლიდან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ელექტროდამტენებს ამონტაჟებს.
„რაც ყველაზე მთავარია, ქართული კომპანია, რომელიც აღნიშნულ ელექტრომობილებს აწარმოებს, გვეუბნება, რომ ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. მთავარი პრინციპი სწორედ ისაა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს, შეიძინოს ეს ავტომობილი და თანხები არ გავიდეს ექსპორტზე, რადგან ეს ავტომობილები დღეს, ძირითადად, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდის. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ელექტრომობილების შემოყვანის მაჩვენებელი ძალიან არის გაზრდილი. როგორც იცით, მათი განბაჟება სრულიად უფასოა.ასევე, ელექტრომობილებისთვის ქალაქში გამოყოფილია უფასო საპარკინგე ადგილები. ახლა ჩვენ ინფრასტრუქტურა უნდა მოვაწესრიგოთ, რათა ქალაქში მაქსიმალურად მეტი ელექტროდამტენი დავამონტაჟოთ.“ – ამბობს კალაძე.