სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ახლო მომავალში თბილისის მერის გარემოცვის წევრების დაჭერა დაიწყება და არ არის გამორიცხული, თავად კალაძის დაჭერის საკითხიც დადგეს. ეს განცხადება ელისაშვილმა ტვ პალიტრის ეთერში გააკეთა.
„კახა კალაძის მენეჯერობის რა მოგახსენოთ, შეხედეთ სატრანსპორტო კოლაფსს , შეხედეთ ნაძვის ხეს, გაპუტული ქათამივით რომ არის, მილიონი გადაიხადა და ნაძვის ხეშიც კი ფულს რომ აკეთებს. ვარკეთილში, კორპუსშიც კი ფულს რომ აკეთებს ის და მისი მერიაც.
შემთხვევითი ამბავი კი არ იყო დღეს კალაძე რომ გამოვიდა და თქვა, მოვუწოდებ გამგებლებს და სამსახურების უფროსებს და მოადგილეებს კორუფციას გაეშვანო. ეს შემთხვევითი ამბავი კი არ იყო. კალაძის გარშემო დაიწყება დაჭერების სერია.
მე კი არ დავიჭერ, მე კი არ ვარ მთავარი პროკურორი და სუსის ანტიკორუფციული სამსახურის წარმომადგენელი. თუ ვინმე კისერს მოუგრიხავს კახი კალაძეს ისევ ბიძინა ივანიშვილი იქნება და ეს დაიწყება დღე დღეზე. მის გარშემო ძალიან ხმამაღალ, ხმაურიან დაჭერების სერიას ვიხილავთ ჩვენ.
კალაძე თვითონ არის აღვირახსნილ კორუფციაში ჩართული, იტალიაში შესყიდვები იქნება თუ სამშენებლო ბიზნესი და არქი ჯგუფი იქნება, თვითონ არის ჩართული კორუფციაში. ყველაფერში ატკატს იღებს.
თუ ვინმე დაუსრულებს პოლიტიკურ კარიერას კალაძეს იქნება ბიძინა ივანიშვილი
კორუფციას არცერთი არ ებრძვის,უბრალოდ კალაძე აღიზიანებს აშკარად ივანიშვილს, იმიტომ რომ ჩემი ინფორმაციით ოპოზიციის ლიდერებს შეუთვალა, რომ მე თქვენთან ვარ და თუ რამე თქვენსკენ გადმოვხტებიო. ესეც გაირკვევა თანდათან და თვითონ თქვან იმ ოპოზიციონერებმა. მაქვს საკმაოდ სერიოზული და საფუძვლიანი ინფორმაცია.კალაძემ იგრძნო საფრთხე და დაიწყო პრევენციულად ამაზე ლაპარაკი რომ თქვას: აი, ხომ ვამბობდი, როგორგ გაბედეს…
მერიის მაღალჩინოსნებიც შეიძლება ვნახოთ დაკავებულები. ამ დაკავების მიზეზი იქნება ის, რომ გარიგება შესთავაზონ და იმათ უფრო დიდ ღლავს დაადონ ხელი. და ეს დიდი ღლავი იქნება კალაძე. “ – ამბობს ელისაშვილი , თუმცა მის ხელთ არსებული ინფორმაციის დეტალებს არ აკონკრეტებს.
“ყველაფერი მესმის, მაგრამ კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია და თავს არ დავუხრით არავის“, – ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
„მინდა მივმართო მოადგილეებს, გავაფრთხილო საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები, გამგებლები, რომ თქვენი მიმართულებებით მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ კორუფციის პრევენციაზე. რაიმე არ გამოგეპაროთ! იცით ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება, რომ არავის არაფერი ეპატიება. ყველაფერი მესმის, მაგრამ კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია და თავს არ დავუხრით ამ ყველაფერს. თუ ვინმეს დახმარება სჭირდება ყველანაირად გვერდში დავუდგებით და არავის დავტოვებთ მარტო. მაგრამ ვისაც ექნება რაიმე გადაცდომა, ვიქნებით ძალიან პრინციპულები. იყო მაგალითები, თუ როგორი დამოკიდებულება იყო ჩვენი მხრიდან. ჩემი თხოვნა და მოთხოვნა იქნება მაქსიმალური ყურადღება ამ მიმართულებით, რომ ყველანაირი პრობლემა ავიცილოთ თავიდან“,- განაცხადა კალაძემ.