კალაძის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა იწყება

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”” ოთარ ფარცხალაძისა და თბილისის მერიის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს.

საკრებულოს ოპოზიციამ უკვე მოამზადა სარჩელი, რომელსაც მთავარ პროკურატურაში უახლოეს დღეებში შეიტანს. საქმე ეხება თბილისის მერიის მიერ ვაკის შუაგულში, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული კომპანიისთვის 1500-ზე მეტი კვადრატული მეტრი მიწის გადაცემას.

ტელეკომპანია რუსთავი 2 -ის ინფორმაციით, მერიამ გასული წლის ბოლოს ჯერ ბავშვთა ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს 10-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება შეუწყვიტა, ორ დღეში კი კახა კალაძემ განკარგულება გამოსცა და ტერიტორიის გადაცემის პროცესი დაიწყო.

“ამ მაფიოზური სქემის შემუშავებაში ჩართული იყო როგორც თბილისის მერი, სხვანაირად ვერ მოხდებოდა, ასევე რამდენიმე ის მაღალჩინოსანი, ვინც იღებდა გადაწყვეტილებას. შესაბამისად ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც მიიღო ამ უკანონობაში მონაწილეობა და ასევე ფარცხალაძის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც ფიქტიურ გარიგებაშია მხილებული”, ამბობს ირაკლი ნადირაძე.