კალათბურთელთა ნაკრები სერბეთში გამარჯვების შემდეგ თბილისში დაბრუნდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ბელგრადში, სერბეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ თბილისში დაბრუნდა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა მსოფლიო კალათბურთის ერთ-ერთ გრანდს, სერბეთის ნაკრებს ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში 94:90 მოუგო და ორი მატჩიდან ორი გამარჯვების შემდეგ E-ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.

თბილისში დაბრუნებულ საქართველოს ნაკრებს აეროპორტში დახვდნენ და ისტორიული გამარჯვება მიულოცეს – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ და სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ.

კალათბურთელთა ნაკრებმა სერბეთში გამარჯვებამდე სპორტის სასახლეში შვეიცარიის ნაკრები 96:88 დაამარცხა, მომდევნო ოფიციალური მატჩის გამართვა კი 27 ნოემბერს მოუწევს, როდესაც ფინეთის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ერთ-ერთ ჯგუფს თბილისი მასპინძლობს. ჩვენს გუნდს ევროპის ჩემპიონატზე თამაში აქედანვე გარანტირებული აქვს, თუმცა შესარჩევ ეტაპს როგორც სხვა მასპინძელი ქვეყნები, მაინც თამაშობს, რაც გუნდის მწვრთნელებს გუნდის მომზადების და ახალი ტაქტიკური სქემების გამოცდის შესაძლებლობას აძლევს. ნაკრების ახალგაზრდა კალათბურთელები კი სერბეთის დონის გრანდებთან პაექრობით დიდ გამოცდილებას იძენენ.