საქართველოს მასშტაბით კამპანია “არა ბულინგს” დაიწყო. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 7 ქალაქში – ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თელავსა და რუსთავში ბულინგის და ძალადობის პრევენციის მიზნით სხვადასხვა აქტივობები და ღონისძიებები ჩატარდება. კამპანია საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით იმართება.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და პროექტ “დიოჯეის” ფინანსური მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებებზე რაიონული პროკურატურის და საქართველოს პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის წარმომადგენლები თვითმმართველობის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სკოლის მოსწავლეებს შეხვდებიან და ბულინგის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.
ასევე კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდება, მათ შორის არტ-ნამუშევრების გამოფენა და ველომარათონი.
ბულინგის წინააღმდეგ მიმართული კვირეული თბილისში დასრულდება, სადაც მოსწავლეების მიერ თემაზე “არა ძალადობას” გადაღებული ვიდეორგოლების კონკურსი გაიმართება.
კამპანია “არა ბულინგს” ერთი კვირა გაგრძელდება და მისი მიზანია არასრულწლოვნებში ბულინგის და ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლება და პრევენცია.
ცნობისათვის, ტერმინი “ბულინგი” ინგლისური სიტყვაა და ქართულად ჩაგვრას/აბუჩად აგდებას ნიშნავს. ეს არის არასასურველი, აგრესიული სახის ქცევა, რომელიც უმეტესად ვლინდება სკოლის ასაკის ბავშვებში. “ბულინგი” სოციალური მოვლენაა, რომელიც როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, დამახასიათებელია ძირითადად ორგანიზებული ბავშვთა კოლექტივისათვის და პირველ რიგში ეს არის სკოლა.