“კანონი უნდა აღსრულდეს ყველასთან მიმართებაში თანაბრად და სამართლიანად”- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ 3 ტელევიზიისთვის ინკასოს დადებასთან დაკავშირებით გააკეთა.
“თითოეულ, ცალკეულ ტელევიზიებზე და მათთან დაკავშირებულ დავალიანებაზე ამომწურავი პასუხი უნდა გაეცეს. ამას სჭირდება მეტი ინფორმაცია, რაც აქვს ფინანსთა სამინისტროს.
ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში არანაირად არ უნდა გადავიდეს, ვინაიდან ეს არის საგადასახადო ორგანოსა და მედია კომპანიას შორის არსებული საკითხი. პირველი მთავარი პირობა უნდა იყოს ის რომ კანონი უნდა იყოს აღსრულებული ყველასთან მიმართებაში თანაბრად და სამართლიანად”,- აცხადებს თალაკვაძე.
შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველის”, “რუსთავი 2-ისა” და “კავკასიის” ანგარიშებს ინკასო 25 დეკემბერს დაედო.
ტელეკომპანია “კავკასიას” და “ტვ პირველის” პოზიციაა, რომ ისინი დავალიანებას არ გადაიხდიან მანამ, სანამ ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მედიასაშუალებები არ დაიწყებენ დაგროვილი დავალიანების გადახდას.
არსებული ინფორმაციით, სამი ტელეკომპანიის “რუსთავი 2-ის”, “მაესტროსა” და “იმედის” ჯამური დავალიანება 55 მილიონ ლარს შეადგენს.